საზოგადოება

პარლამენტმა რუსული კანონი ჩააგდო

10 მარტი, 2023 • 2287
პარლამენტმა რუსული კანონი ჩააგდო

პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი  – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად, ჩავარდა.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. საჭირო გახდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი