საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშის” უკან დგას “რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
“მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები. აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებები არ ირღვევა, და თავად ასეთი ღონისძიებებია დისკრიმინაციული, რადგანაც, ღარიბაშვილის აზრით, ზედმეტად ხდება აპელირება მათ განსხვავებულობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებებს და არცერთ მათგანს რაიმე ნიშნით არ განასხვავებს, რისთვისაც, მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. მაგალითად კი მოჰყავს კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას ქალისა და კაცის ერთობად საზღვრავს:
“მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჩემივე ინიციატივით 6 წლის წინ ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა.
ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს. რაიმე ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. დღესაც, იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და სურთ მარშების ჩატარება, მათი უფლებაა, ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას, ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა”, — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციები შესთავაზა და მოუწოდებს მათ, ამ შეთავაზებას დათანხმდნენ. ღარიბაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ღონისძიება რისკებს შეიცავს და მისი აზრით ამგვარი მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს:
“მათ რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს უსაფრთხოდ გარკვეული ღონისძიებები, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება მიუღებელია. შესაბამისად, მე მიმაჩნია, აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.
შსს არის მუდმივ კონტაქტზე მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია გარკვეულ საფრთხეს შეიცავს და ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა მიეცათ. მინდა მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, პოლიციის მიერ შეფასებული რისკები მხედველობაში მიიღონ და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია. ზოგადად, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, მე ვფიქრობ, პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომდგენლების დისკრიმინაციას.
როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაცია. ყოველდღე ეს ადამიანები მუშაობენ და ცხოვრობენ ნორმალურ ვითარებაში. მათ არანაირი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება არ შეიძლება”, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.