ახალი ამბები

“თერაპევტი”, რომელიც ლგბტ პირებს “მკურნალობდა”, გამოტყდა, რომ გეია

25 იანვარი, 2019 • 4890
“თერაპევტი”, რომელიც ლგბტ პირებს “მკურნალობდა”, გამოტყდა, რომ გეია

ერთ დროს ცნობილი “გარდაქმნის თერაპევტი”, ამერიკელი დევიდ მათესონი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ გეი კაცებს ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის დაბრუნებაში ეხმარებოდა, ახლა აცხადებს, რომ თავად არის გეი.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მიიღო ერთ-ერთმა ლგბტქ ორგანიზაციამ, “სიმართლე იგებს”. ფეისბუქზე გახსნილ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ე.წ. გეი გარდაქმნის თერაპიის ერთ-ერთი ადვოკატი, რიჩ ვაილერი წერდა, რომ მათესონი კაცი პარტნიორის პოვნას ცდილობს.

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ “თერაპევტმა” ფეისბუქზე ვრცელი პოსტი დაწერა, რომლითაც ინფორმაცია დაადასტურა. მანამდე დევიდ მათესონი 34 წლის მანძილზე ცხოვრობდა ცოლთან ერთად.

“1 წლის წინ გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებააში მნიშვნელოვანი გარდაქმნები უნდა მომეხდინა. გავაცნობიერე, რომ ქორწინებაში მეტხანს ვეღარ დავრჩებოდი. და გავაანაზილე, მოვიდა დრო, რომ წარვმდგარიყავი, როგორც გეი”, – წერს ის.

ე.წ. გეი გარდაქმნის თერაპია ფსევდომეცნიერული პრაქტიკაა, რომელიც ირწმუნება, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. NBC წერს, რომ “თერაპიის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა საუბრის სეანსია, თუმცა ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის უილიამსის ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ამ დროს ელექტროშოკსადა სხვა გზებსაც მიმართავენ. მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი ჯანდაცვის ასოციაცია, მათ შორის “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია” და “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია”, აღნიშნულ პრაქტიკას უარყოფს.

მათესონი აცხადებს, რომ მისმა საქმიანობამ ზოგიერთ ადამიანს ზიანი მიაყენა და ამის გამო მათ ბოდიშს უხდის, თუმცა ამ დრომდე ბოლომდე  არ უარყოფს “თერაპიას”. ამავდროულად, ის “სირცხვილზე დაფუძნებულ ჰომოფობიურ სისტემას” უწოდებს მორმონთა ეკლესიას, რომლის პირობებშიც გაიზარდა. თუმცა, მათესონი მაინც ირწმუნება, რომ დაეხმარა ზოგიერთ კაცს, რომელთაც “რწმენასთან ჰარმონიაში” ცხოვრება სურდათ.

მათესონის აღიარებასა და ბოდიშს სხვებთან ერთად ისინიც გამოეხმაურნენ, რომელთაც მისი “თერაპია” საკუთარ თავზე გამოსცადეს. ჩაიმ კელვინისთვის, რომელიც ამბობს, რომ ამ პროცესმა ფსიქოლოგიურად დააზარალა, ბოდიში საკმარისი არ არის.

“მოხარული ვარ, რომ მისტერ მათესონმა ცხოვრების გზა იპოვა, თუმცა ვფიქრობ ასობით თუ ათასობით ადამიანზე, რომლებიც დღემდე ჩაკეტილნი რჩებიან [გარემოში], რომელიც ნაწილობრივ შექმნა მისტერ მათესონმა”, – უთხრა მან ერთ-ერთ ლგბტ ორგანიზაციას, რომელმაც მათესონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

უილიამსის ინსტიტუტის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 700 000 ლგბტქ ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია ე.წ. გარდაქმნის თერაპია ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ანგარიშის თანახმად, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლის მცდელობები რთულ მენტალურ მდგომარეობას, ხშირად კი სუიციდისაკენ მიდრეკილებასაც უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი