ამერიკული მედიის პროგნოზით, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში გაიმარჯვეს და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი პერიოდში კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს.
NBC News-ს ბოლო პროგნოზით, სენატში, რომლის გასაკონროლებლადაც 51 მანდატია საჭირო, დემოკრატებს 53 ადგილი აქვთ, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობისთვის 218 მანდატია საჭირო, დემოკრატები დაახლოებით 227 მანდატს მოიპოვებენ. თუმცა ეს შეფასება შესაძლოა ოდნავ კიდევ შეიცვალოს.
NBC News-ის ცნობით, დემოკრატებმა რესპუბლიკელები ჩაანაცვლეს ექვს შტატში: მეინში, აიოვაში, კანზასში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში.
„ზოგიერთ ამ შტატში გაიმარჯვებაზე დემოკრატები დიდხანს ოცნებობდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთი წლის წინ შესაძლებლობების რუკაზეც კი არ ფიგურირებდა“, – წერს NBC News.
ამ შტატების ნაწილში კანდიდატები პირადად ტრამპმა შეარჩია — ხშირად საკუთარი პარტიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც შიშობდნენ, რომ ეს კანდიდატები საერთო არჩევნებში სუსტები იქნებოდნენ.
„ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებით ტრამპის ადმინისტრაციას ახლა მოუწევს, შეეგუოს კონტროლსა და გამოძიებებს, რასაც აქამდე თავს აღწევდა რესპუბლიკელების ხელში არსებული ლოიალური კონგრესის წყალობით. არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაზე, 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლის დინამიკასა და ტრამპის საკანონმდებლო გეგმების ბედზე მისი ვადის მეორე ნახევარში“, – წერს NBC News.
პოლიტიკის მიმომხილველები და მედია წერს, რომ კონგრესზე დემოკრატების კონტროლის აღება ამზადებს ნიადაგს ტრამპთან მასშტაბური დაპირისპირებისთვის, რაც გამოცდის ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების კონსტიტუციურ მექანიზმს.
„ახლად მოპოვებული უმრავლესობით დემოკრატი კანონმდებლები მიიღებენ საზედამხედველო უფლებამოსილებების მთელ არსენალს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის გამოსაძიებლად გამოიყენებენ — ადმინისტრაციის, რომელმაც, მათ მტკიცებით, თავი აარიდა პასუხისმგებლობას.
ტრამპმა, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა პრეზიდენტობის მოდელი, რომელიც შეუზღუდავი აღმასრულებელი ძალაუფლების იდეას ეფუძნება. არცერთი მხარე არ ჩანს კომპრომისისთვის განწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი წელი შეიძლება გახდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ისეთი დაპირისპირების მოწმე, როგორიც უოტერგეიტის ეპოქის შემდეგ არ ყოფილა“, – წერს NBC News.
მედია წერს, რომ დემოკრატების ასეთი მასშტაბური გამარჯვება შუალედური საარჩევნო კამპანიის დასაწყისში წარმოუდგენელი ჩანდა და 2006 წლის შემდეგ უმცირესობაში მყოფ პარტიას ერთ ღამეში ორივე პალატაზე კონტროლი არ მოუპოვებია.
„ტრამპი ცდილობდა თავისი ამომრჩევლის ბირთვის მობილიზებას და წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელთა მცირე უმრავლესობის შენარჩუნებას, თუმცა მას და მის პარტიას მუდმივად თან სდევდა დაბალი რეიტინგი და ამომრჩევლის უკმაყოფილება ეკონომიკის გამო.
ტრამპი ცდილობდა, ფასების ზრდაში თავისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი დაედანაშაულებინა, თუმცა ამომრჩეველმა ეს არგუმენტი არ მიიღო. საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ისრაელის ლიდერებმა თებერვლის ბოლოს ირანის ომი დაიწყეს, ხალხს კი არ მოეწონა, თუ როგორ მართავდა ტრამპი ამ კონფლიქტს“, – წერს NBC News.
როგორც მედია წერს, შუალედურმა არჩევნების შედეგებმა შესაძლოა შეცვალოს ძალთა განლაგება 2028 წლის რესპუბლიკური საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში.
„ფავორიტად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ითვლებოდა, თუმცა, თუ ეს შედეგი ტრამპისა და მისი პოლიტიკური სტილის უარყოფაა, ვენსისთვის გზა იოლი აღარ იქნება.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები აპირებენ, აგრესიული საზედამხედველო გამოძიებები ჩაატარონ ტრამპის ოჯახის, ბიზნესგარიგებებისა და ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკასა და თეთრი სახლის რენოვაციის პროექტებზე.
იუსტიციის კომიტეტის დემოკრატებმა წევრებმა განაცხადეს, რომ მათი გამოძიების სამიზნეებში ასევე შედის „მდიდარი დამნაშავეებისა და MAGA-ს ლოიალისტების შეწყალების“ საკითხები და უცხოური მთავრობების მიერ ტრამპის ოჯახის კრიპტო-იმპერიაში ფულის ჩადებით „გავლენის ყიდვა“, – – წერს NBC News.
