საზოგადოება

3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს II ფრონტი საქართველოში | მარტივად ახსნილი

17 თებერვალი, 2023 • 3718
3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს II ფრონტი საქართველოში | მარტივად ახსნილი

“ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

სინამდვილეში, ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

ამ სტატიაში ვაანალიზებთ, ნამდვილად შედის თუ არა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა იმ დასავლეთის ინტერესებში, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავი ფინანსური, ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური დახმარება გაუწევია თბილისისთვის, თუ საქმე გვაქვს “ოცნების” მხრიდან კრიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობასთან, კონსპირაციის თეორიის მოშველიებით.

#1 – მართლა რომ დაიწყოს ომი…

“ქართული ოცნების” რიტორიკა ომის საკითხზე წინააღმდეგობრივია.

მმართველი გუნდი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს რესურსი არ აქვს რუსეთთან საბრძოლველად- მაგალითად, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა“. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა დროს განაცხადა, რომ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი“ და „ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას“.

მეორე მხრივ, “ოცნება” ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციას საქმე გაურთულონ უკრაინაში ბრძოლის პარალელურად.

“სასაცილო, არასერიოზული, ცინიკური”, – მეორე ფრონტთან დაკავშირებით “ოცნების” რიტორიკის დასახასიათებლად ეს ეპითეტები ახსენდება “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

გიორგი კობერიძე

მისი თქმით, საქართველოს მისი სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ვლადიკავკაზზე გაიჭრას და აგრესიული სამხედრო კამპანია აწარმოოს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო თუ საუბარია იმაზე, რომ თბილისმა დასავლეთის თხოვნით მოსკოვს უნდა აიძულოს, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის შემდეგ დანარჩენ საქართველოშიც შემოიჭრას, ესეც წარმოუდგენელი სისულელეა.

“საქართველოს დღევანდელი შეიარაღება რაც აქვს, იმაზეა გათვლილი, რომ აწარმოოს ეფექტური თავდაცვა, რათა დააკავოს რუსული არმია დამხმარე ძალის მოსვლამდე. საქართველოს გათვლა იქნება, რომ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეაკავოს რუსული არმია, ყოველგვარი დახმარების გარეშე”, – ამბობს გიორგი კობერიძე და დასძენს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში “მილიტარიზაციის დონე ნულის დონეზეა და ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფების ფორმირების ჩანასახიც კი არ არსებობს”, არასერიოზულად მოჩანს, ვინმე მართლა განიხილავდეს იდეას ომში ჩართვის თაობაზე.

“ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და რუსეთის აგრესია საქართველოზე გადმოერთოს, ესეც არასერიოზულია. საქართველო ვერ იქნება იმის საპირწონე, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ამით შემსუბუქდეს. საქართველოს არც იმხელა ტერიტორია აქვს, არც იმდენი მოსახლეობა და საჯარისო ნაწილები ჰყავს, რომ რუსული აგრესია მასზე გადმოერთოს და ამით უკრაინამ ამოისუნთქოს”.

მისი თქმით, დღევანდელი აღჭურვილობითა და მომზადებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ძალები იმისათვის, რომ თავდაცვითი ოპერაცია აწარმოოს გარკვეული პერიოდი, სანამ მოკავშირეები დაეხმარებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით არ აქვს სტრატეგიული სიღრმე.

“ეს რას ნიშნავს? ყველა იმ ტერიტორიიდან, საიდანაც საქართველო უკან დაიხევს, შემდეგ მისი დაბრუნება გაუჭირდება. ის, რომ სტრატეგიულ სიღრმეში უკან დავიხევ, სადაც მექნება ქარხნები, თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები, რომელსაც გავუშვებ… კონცეპტუალურად სტრატეგიული სიღრმე არის, როდესაც ცდილობ მაქსიმალურად დიდი ხანი შეაკავო მტერი, სანამ გადაჯგუფდები და შეტევაზე გადახვალ. საქართველოში მსგავსი რამ არ არის საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო”, – აცხადებს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირის თავზე რუსეთს 3 საქართველოს ფართობის მქონე ტერიტორია ჰქონდა ოკუპირებული.

“მაგრამ ეს კიევისთვის კატასტროფა არ ყოფილა, რადგან ტერიტორიების დიდი ნაწილი მის ზურგში თავისუფალი იყო, მოხდა გადაჯგუფება და ახალი შეიარაღების ათვისება.

მოსახლეობის მობილიზებას, ტერიტორიული თავდაცვის სისტემების შექმნას დიდი დრო სჭირდება. ასევე სჭირდება თავისუფალი ქალაქები, სადაც ეს მოხდება. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს რუსულ მასშტაბურ აგრესიაზე საქართველოში, ამ მოცემულობით ნაკლებად მოსალოდნელი იქნება, რომ საქართველომ ისეთი სტრატეგიული სიღრმე შექმნას, სადაც ამ მოსახლეობას შეიყვანს და მოამზადებს”.

უკრაინას, საქართველოსაგან განსხვავებით, მეზობლად ჰყავს ევროპული ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი. და, რაც მთავარია, უკრაინის დასავლეთ ნაწილში რუსეთმა ფეხის მოკიდება ამ დრომდე ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, უკრაინამ მისი ევროპელი მეზობლების გავლით მოახერხა ლოჯისტიკური ჯაჭვების აწყობა და მოკავშირეებისაგან სამხედრო ტვირთების მიღება.

თუ “ქართული ოცნების” რიტორიკა მართალია და დასავლეთში მართლაც სურს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა, ჩნდება 2 კითხვა:

  • რა გზებით მიიღებს საქართველო დახმარების სახით მათ შორის სამხედრო ტვირთებს, როდესაც რუსეთთან ზღვაში უპირატესობა არ აქვს და, შესაბამისად, არც სატვირთო გემების დაცვა შეუძლია?
  • რომც მოხერხდეს მიწოდების ხაზების შექმნა და დაცვა, მოკავშირეებმა იარაღი და აღჭურვილობა, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოში დეფიციტურია და გამოულევდი არ არის, უკრაინას უნდა მოაკლონ და საქართველოს გამოუგზავნონ?

გიორგი კობერიძე ამბობს, რომ იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილებები მარტივად არ მიიღება და ამას მოწმობს უკრაინაში მიმდინარე ომიც:

“იარაღის შემოსვლა მარტივი არაა, გჭირდება ლოჯისტიკური ხაზის აწყობა, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერ დაგიბომბავს, უნდა გქონდეს ტერიტორია, სადაც მაგ ტექნიკას განათავსებ ომის პერიოდში, თორემ მშვიდობიანობის დროს ადგილს იპოვი. შემდეგ ამ ტექნიკას ათვისება სჭირდება, რასაც დრო უნდა. საბჭოთა შეიარაღების ძალიან დიდი დეფიციტია დღეს მსოფლიოში. საბჭოთა შეიარაღება, რომელსაც ჩვენ აქამდე ვხმარობდით, ახლა თითქმის მთლიანად გადასროლილია უკრაინაში აშშ-ის მოკავშირეების მიერ. და თუ საუბარია რომ “აბრამსები” (ამერიკული ტანკი) შემოვა აქ, მის ათვისებას წელიწადი დასჭირდება, როცა ომი უკვე დასრულებული იქნება”, – ამბობს კობერიძე.

#2 – მიგრაციული ნაკადები

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ ევროპის მასშტაბით უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი 8 მილიონს აჭარბებს.

ჩნდება კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოშიც დაიწყება ომი, ქართველი ლტოლვილები სად წავლენ?

ვანო ჩხიკვაძისთვის, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში მუშაობს და ევროინტეგრაციის პროცესს წლებია აკვირდება, პასუხი მარტივია: ევროპაში.

მას, ისევე როგორც გიორგი კობერიძეს, უჭირს კომენტარის გაკეთება მმართველი გუნდის რიტორიკაზე მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ამ კონსპირაციის მიზანი ქართულ საზოგადოებაში ომთან დაკავშირებით დაგროვილ ტრავმებზე თამაშია.

“არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, ისეთი ნონსენსია. უკრაინიდან 8 მილიონი ადამიანია წასული ომის შემდგომ ევროპაში, მათ შორის პოლონეთშია დიდი ნაწილი. ცხადია, ომს ყოველთვის თან ახლავს ასეთი რამ, ადამიანები გარბიან და თავს შველიან. ხალხი [საქართველოდანაც], ცხადია, ევროპისკენ დაიძვრება, რაც ტვირთი იქნება ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ აფრიკიდან უკვე უამრავი მიგრანტი მიაწყდა ევროპას, იგივე ავღანეთიდან და დღეს უკვე უკრაინიდან”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე და დასძენს, რომ დღეს საქართველოში საბედნიეროდ ომი არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ისედაც მიემგზავრება ევროპისკენ, ამის მიზეზი კი გეოგრაფიული სიახლოვე და უვიზო მიმოსვლის რეჟიმია.

ვანო ჩხიკვაძე

გამოდის, რომ თუ მმართველი პარტიის პროპაგანდა სწორია, ევროპა და დასავლეთი თავად უწყობენ ხელს, რომ ახალი მიგრაციული ნაკადი დაატყდეთ თავს, ამჯერად საქართველოდან?!

#3 – საქართველო – ენერგეტიკული დერეფანი თუ ქაოსი

უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად თვალშისაცემი გახდა, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგოდამოკიდებულების შემცირება დაიწყეს. რუსეთის ერთ-ერთი ალტერნატივად, საიდანაც EU ენერგიის იმპორტს გეგმავს, აზერბაიჯანი გამოიკვეთა, რომელიც ამგვარ თანამშრომლობაზე თანახმაა და თავადაც აქტიურობს.

აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებზე ევროპისკენ გზა კი სწორედ საქართველოზე გადის

უკვე გადაწყვეტილია, რომ ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს, დააკავშირებს ერთმანეთთან. საუბარია ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე, რომლის მოსაწყობადაც დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

გიორგი კობერიძის შეფასებით, თუ მმართველი გუნდის რიტორიკა სწორია და საქართველოს ვინმე ომისკენ მართლა უბიძგებს, გამოდის, რომ დასავლეთი თავის ერთ-ერთ ენერგომომმარაგებელს ჭრის, რაც წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა მისი მხრიდან.

“დასავლეთი ახლა ორიენტირებულია იმაზე, რომ კავკასიის ენერგოდერეფანი იყოს ღია. რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფანი დაკეტილია, სამხრეთის დერეფანი ირანზე გადის და არ მუშაობს, თუმცა არსებობს ცენტრალური დერეფანი, რომელიც კავკასიაზე გადის. ამიტომ, კავკასიაში მაქსიმალური მშვიდობა უნდა იყოს და EU იმაზეა ორიენტირებული, რომ აქ გაიაროს სადენებმა, რომლებიც დენს მიაწვდის დანარჩენ ევროპას. საქართველოზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, რკინიგზა… შეუძლებელია და არასერიოზულია, ვინმეს ჰქონდეს აქ ომის სურვილი”, – გვეუბნება გიორგი კობერიძე.

ვანო ჩხიკვაძე კი შენიშნავს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა აქაც წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ, თავს იქებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველო ენერგეტიკული ჰაბი ხდება, მეორე მხრივ კი, ომში ჩათრევის სურვილს აბრალებს იგივე გაერთიანებას, ვისაც მისი გავლით ელექტროენერგიის მიღება სურს.

“როგორ შეიძლება მეორე დღეს იძახდე, რომ არა, ჰაბი კი არ უნდათ, არამედ ომი უნდათ. ევროკავშირის ინტერესშია, რომ ეს იყოს სტაბილური ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსების გატარებას იგივე ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. მეორე მომენტში იგივე ქვეყნები იძახდნენ, რომ აქ იყოს ომი და ქაოსი, ხომ მათსავე ინტერესს შეუქმნას საფრთხე ენერგორესურსების მიღების კუთხით?! ეს ალოგიკური და ურთიერთსაწინააღმდეგოა”, – ამბობს ჩხიკვაძე.

“არავინ გაწირავს საქართველოს უკრაინისთვის, რომელიც ომს ისედაც არ აგებს”

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს სხვა არაერთი არგუმენტი, რატომ არ სჭირდება არაფერში დასავლეთს ომი საქართველოში, მათ შორის გეოპოლიტიკური ფაქტორი: რატომ უნდა მისცეს დასავლეთმა მის მოწინააღმდეგეს პროდასავლურ ბანაკში მყოფი ქვეყნის სრული ოკუპაციის და მსოფლიოში შერყეული სამხედრო ძალის იმიჯის მცირედით მაინც გამოსწორების შანსი?!

“დასავლეთს საქართველო არასოდეს გაუწირია და, მით უმეტეს, არც ახლა გაწირავს უკრაინისათვის, რომელიც ომს ისედაც არ აგებს”, – ამბობს გიორგი კობერიძე და აგრძელებს:

“პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად კატასტროფა იქნება საქართველოს დაკარგვა დასავლეთისთვის”.

ვანო ჩხიკვაძე კი იხსენებს, რომ ევროკავშირი თავის დროზე ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნა და ამ ორგანიზაციის არსი თავის თავშივე გამორიცხავს ომის სურვილს.

“ამ კავშირის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მშვიდობა ევროპის კონტინენტზე. ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე ერთმანეთს ეომებოდნენ, ახლა პოლიტიკურად და ეკონომიკურად, კულტურულად არიან დაკავშირებული”, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი