ახალი ამბები

რატომ არის საზიანო ლგბტ პირთა იძულებითი “თერაპია”

4 აგვისტო, 2020 • 2101
რატომ არის საზიანო ლგბტ პირთა იძულებითი “თერაპია”

არასრულწლოვანი გეი ბიჭის “განკურნებას” მშობლები ფსიქიატრის მეშვეობით ცდილობდნენ. აქტივისტის თანახმად, რომელმაც ამბავი საჯარო გახადა, შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. ფსიქიატრმა არასრულწლოვანს შავ-თეთრი მომავალი დაუხატა ფურცელზე და ამ გზით შეეცადა, დაენახებინა, რა მოხდებოდა, თუ ორიენტაციას არ “შეიცვლიდა”.

“[ფსიქიატრმა] ერთ ფურცელზე დახატა ბედნიერი ოჯახი, მეორეზე კი, შავ-თეთრი საშინელებები, მერე კი მეუბნებოდა, თუ არ შეიცვლები, შენ ვერასოდეს გექნება ასეთი ბედნიერი ცხოვრება და სულ მიტოვებული და უბედური იქნებიო”, – აქტივისტ თამაზ სოზაშვილის თქმით, ეს ამბავი მას არასრულწლოვანმა უამბო.

ინფორმაციის მიღების შემდეგ სოზაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსა და რიგ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი ბიჭი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” მცდელობების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა “ნეტგაზეთის” რესპონდენტების ნაამბობიდანაც ნათელია, რომ შემთხვევათა ჯამური ოდენობა ბევრად აღემატება გასაჯაროებულთა რიცხვს.

ეს მაშინ, როცა აღარც ჰომოსექსუალობაა დიაგნოზი და აღარც ტრანსსექსუალობა: დაავადებათა კლასიფიკაციას აღარცერთი განეკუთვნება. ამავე დროს, მრავალგზის დაიგმო ე.წ. გარდაქმნის თერაპიაც იმ კუთხით, რომ აღნიშნულ პრაქტიკას არ აქვს შედეგი, ადამიანის ფსიქიკური ანდაც ფიზიკური დასახიჩრების გარდა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელია.

“რაღაც შეგვეშალა” – მშობლის პირველი რეაქცია და შეპირებული “განკურნება”

“თბილისის პრაიდის” აქტივისტი თამაზ სოზაშვილი, რომელმაც ზემოთ მოცემული ინფორმაცია გაავრცელა, წლებია, თემის წევრთა საჭიროებებზე მუშაობს. მისი თქმით, როდესაც შვილების განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა ცხადი ხდება, ჰომოფობიური გარემო მშობლებს უბიძგებს, მათი მხარდაჭერის ნაცვლად “პრობლემის გადაჭრის” გზები ეძებონ.

“სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია, როდესაც მშობლები გაიგებენ შვილის იდენტობის შესახებ, პირველი აზრი, რაც მათ მოსდით, არის ის, რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს. მაშინვე იწყებენ გამოსავლის ძებნას, რათა ეს ე.წ. შეცდომა გამოასწორონ.

ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რაც უნდა გაეკეთებინა მშობელს წარსულში, შვილის იდენტობას ვერ შეცვლიდა. თუმცა, ამ მცდელობით უნდათ, რომ რაღაცები გამოასწორონ. ხშირია ფსიქოლოგთან ძალით მიყვანის, ფსიქიატრთან ძალით მიყვანის შემთხვევები. ასევე, მოძღვართანაც მიჰყავთ ხოლმე. სხვადასხვა პრაქტიკები არსებობს”, – ეუბნება აქტივისტი “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ქვეყანაში მოიძებნებიან ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, რომლებიც ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ მომსახურებას უწევენ ლგბტ ადამიანებს და არწმუნებენ, რომ რიგი მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია, ადამიანმა ორიენტაცია ან იდენტობა შეიცვალოს.

“მათი ეს ქცევა ცალსახად მიუთითებს მათ არაპროფესიონალიზმზე, ასევე, [ლგბტ] თემის მიმართ არასენსიტიურობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, სრულიად საპირისპიროდ იქცევიან.

ჯერ ერთი, ცრუობენ და იმედს აძლევენ, რომ რაიმე ხერხით შესაძლებელია, რომ იდენტობა ასე, წამებით შეიცვალოს. მეორე მხრივ, ადამიანზე ძალადობენ. ცხადია, რომ ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღების მიქცევას და ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს”, – აღნიშნავს თამაზ სოზაშვილი.

აღნიშნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა არაფერს ამბობს. ზოგადად, ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ფსიქიატრმა თუ სამედიცინო სფეროს რომელიმე სხვა წარმომადგენელმა ზიანი მიაყენა, შეუძლია, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს მიმართოს. “გარდაქმნის” მოსურნე მუშაკების წინააღმდეგ კი, ხშირ შემთხვევაში, არ აკეთებენ, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, ქამინგ აუთის ან იმის შიში, რომ მიმართვა რეაგირების გარეშე დარჩება. 

“გარდაქმნის” მცდელობები: ოჯახში დაძალებიდან ექიმების არაკომპეტენტურობამდე

ნინო პირველ კურსზე იყო, როდესაც ოჯახის წევრებმა მის შესაძლო განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე იეჭვეს. მიზეზი, მისი თქმით, იყო იმ თანატოლ ქალებთან მეგობრობა, რომლებიც არ ერგებოდნენ საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებულ აღქმას ქალის მიმართ: არ ეცვათ კაბები, არ იკეთებდნენ მაკიაჟს და ა.შ.

“ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, [რომ განსხვავებული ორიენტაციის იყვნენ], იმასთან რახან ვმეგობრობდი, ეგონათ, რომ მეც ისეთი ვიყავი”, – ამბობს ის.

როცა ოჯახის წევრებისგან, განსაკუთრებით, მამამისისგან, ზეწოლა გაუსაძლისი გახდა, სახლიდან წავიდა, თუმცა დაპირებების შემდეგ, რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა, დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ვითარება არ შეცვლილა და მალე გაუარესდა კიდეც: როგორც ჰყვება, სახლში გამოკეტეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება გადაუწყვიტეს “განსაკურნად”. მამამისი ფიზიკურადაც შეეხო.

ნინომ მეგობრისთვის შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, მან კი, თავის მხრივ, საქმეში იურისტი ჩართო. მეორე დღეს ნინო პოლიციამ განარიდა ოჯახს. ამ მომენტში მამამ მისი წლების წინანდელი მდგომარეობის გამოყენება სცადა თავისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ.

“პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ 5 წლის წინანდელი საბუთები მაქვს, ჩემი შვილი დეპრესიაზე მკურნალობდაო. ეს რაში დასჭირდა და რაში გამოადგებოდა ის საბუთი, რომ მე დეპრესიაში ვიყავი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს მომენტი ჰქონდა”.

ნინოს შემთხვევაში “განკურნების” პროცედურის დაწყება ვერ მოასწრეს, თუმცა ხშირად  ასე არ ხდება. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტი ქეთი ბახტაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ფსიქიატრით არ შემოიფარგლება და სია მოიცავს ფსიქოლოგს, ენდოკრინოლოგს და სხვებსაც.

“მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მშობელმა ტრანსი ბიჭი აიძულა, ენდოკრინოლოგთან მისულიყო და მიეღო ჰორმონული მკურნალობა საჭიროების გარეშე, მხოლოდ და იმ მიზნით, რომ მისი მასკულინური გენდერული გამოხატვა ფემინურით შეცვლილიყო. ენდოკრინოლოგმა ამ ბიჭს უთხრა: “აი, ახლა ისეთ ჰორმონებს დაგინიშნავ, ჩაიცვამ ქუსლიანს და იქნები ნამდვილი ქალი. გეჩვენება, ვერ ხვდები, რაშია საქმეო”.

ზოგადად, ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზს ენდოკრინოლოგი ვერ დასვამდა. ეს ფსიქიატრის საქმეა. მაგრამ რატომღაც ჩათვალეს მშობლებმა, რომ ენდოკრინოლოგს შეეძლო ამგვარი დახმარების აღმოჩენა ბავშვისთვის და მისი გენდერული გამოხატვის ცვლილება იმგვარად, რა ფორმითაც ეს მათთვის მისაღები იქნებოდა”, – აცხადებს იურისტი.

ქეთი ბახტაძის თქმით, თემის წევრთა მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ სამედიცინო მუშაკთან მისვლას აიძულებენ. არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, ხშირად სამედიცინო მუშაკები პაციენტად განიხილავენ ადამიანს, რომელიც მათ თავად, მხოლოდ კონსულტაციისთვის აკითხავს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რაზეც საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო კომპეტენტური აზრი არ არის დომინანტური. 

იურისტს მაგალითად მოჰყავს ლგბტ თემის ზოგიერთი წევრის გამოცდილება სექსოლოგთან ვიზიტის დროს, რომლებიც საჭირო ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, სტიგმას უღვივებენ საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო და ისედაც ფესვგადგმულ სტერეოტიპებს ახვევენ თავზე.

“იმის მაგივრად, რომ ფსიქიატრმა და სექსოლოგმა პაციენტს უთხრას, რომ შენ სამკურნალო კი არ ხარ, არამედ შენი ჰომოსექსუალური თუ ბისექსუალური ორიენტაცია ისეთივე ბუნებრივი და ნორმალურია, როგორიც ჰეტეროსექსუალური, ისინი უხეშად ერევიან ადამიანის პირად ცხოვრებაში და საკუთარი წინასწარგანწყობებითა და ცოდნის დეფიციტით მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. შესაძლოა, ამგვარი მძიმე გამოცდილების შემდეგ, ადამიანს საერთოდ დაუკარგონ სურვილი სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან ურთიერთობისა.

მეორე მომენტია, როცა ერთგვარად თავნებობას აქვს ადგილი ექიმის მხრიდან. რიგ შემთხვევებში ექიმები ეთიკის სრული უგულებელყოფით მოქმედებენ და ამ დროს აკეთებენ ისეთ მძიმე ინტერვენციას ადამიანის პირად ცხოვრებაში, რომ ეს არათუ სტანდარტების შესაბამისი არ არის, არამედ პაციენტს მტრულ, დამაშინებელ გარემოს უქმნის, ფობიებს უყალიბებს, მათ შორის ინტერნალიზებულ ჰომოფობიას უღვივებს და ამას ისეთი მძიმე, შეუქცევადი შედეგები აქვს, რომელთან გამკლავებაც შემდგომ ადამიანს კარგი სპეციალისტის პირობებშიც ძალიან უჭირს”, – აღნიშნავს ის.

აღნიშნული მიდგომებით დაზარალებულ არაერთ პირს მიუმართავს ორგანიზაციისთვის, სადაც ქეთი ბახტაძე საქმიანობს. თუმცა იურისტი ამბობს, რომ პრაქტიკულად არავის უცდია, ამა თუ იმ სამედიცინო მუშაკისთვის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ეჩივლა, ვინაიდან ამ ადამიანებს მიღებული ტრავმის რაც შეიძლება მალე დავიწყება სურთ. 

საქმე უფრო რთულადაა არასრულწლოვნების შემთხვევაში, რომლებიც მათი “გარდაქმნის” მოსურნე ოჯახებთან განაგრძობენ ცხოვრებას და ოჯახის წევრების წახალისებით იძულებულნი არიან მიიღონ ფსიქიატრის, სექსოლოგის თუ ენდოკრინოლოგის დანიშნულება, ან ჩაერთონ დამაზიანებენ ფსიქოთერაპიაში.

“გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად სამედიცინო ჩარევის ინიციატორები მშობლები არიან და ისინი ექიმის დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობას სადავოს არ  ხდიან, ხოლო ბავშვს არ აქვს ინფორმაცია, როგორ შეუძლია თავისი უფლებების დაცვა ამგვარი ჩარევისგან”, – ეუბნება ის”ნეტგაზეთს”.

“ჩვენთან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები ჰაერშია გამოკიდებული”

“საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ეკა ჭყონიას, სურს მეტი დეტალი შეიტყოს ამბავზე, რომელიც თავში ვახსენეთ. მისი თქმით, რთულად წარმოუდგენია, რომ მოქმედი პირი მართლაც ფსიქიატრი იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფსიქიატრიაში არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის, როგორც დიაგნოზის, დასმის ან მისი შეცვლის პრაქტიკა.

“ფსიქიატრია, ეს არის სამედიცინო დარგი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, პირველ რიგში, უნდა დასვას სწორი დიაგნოზი და შემდეგ ამ დიანოზის შესაბამისად ჩაუტაროს მკურნლობა.

ახალგაზრდა ადამიანს ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ჰქონდეს ემოციური პრობლემები. ფსიქიატრის მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც შეცვალოს ადამიანში, ფსიქიატრის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს ამ კრიზისული პერიოდის გადალახვაში.

ფსიქიატრის მოვალეობა არ არის ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ასეთი რამ ფსიქიატრიაში არ არსებობს. მისი მოვალეობაა, ადამიანს დაეხმაროს იმ განცდებისა და პრობლემების დაბალანსებაში, რომელიც მას, შესაძლოა, ამის გამო ჰქონდეს”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

ეკა ჭყონიას თქმით, საქართველოში სპეციალიზებული ფსიქიატრიული მიმართულებები განუვითარებელია. მისი განცხადებით, ისეთი საკითხი, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალობა, ფრთხილ, ინტერდისციპლინარულ მოპყრობას საჭიროებს, თუმცა საქართველოს რეალობაში პროცესი მეტად ქაოსურია:

“გენდერული იდენტობის, ორიენტაციის ამბავი, ძალიან სპეციფიკური თემაა, რომელიც ჩვენთან საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. სპეციალისტები ამ მიმართულებით არ არიან. არიან სექსოლოგები, რომლებიც ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ და გენდერული თუ იდენტობის საკითხები მათაც არ ეხებათ.

იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება დაკარგულია და ახალგაზრდები თვითონ ცდილობენ რაღაცას, წვალობენ, არც იციან, ვის მიმართონ. ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ფსიქიატრია ჩვენთან არის უმძიმეს მდგომარეობაში და კიდევ უფრო უკან მივექანებით”.

ფსიქიატრის თქმით, ქვეყანაში არსებული გარემოდან გამომდინარე, საკუთარი იდენტობის აღმოჩენის პროცესში მოზარდის მოსასმენად მზად არავინ არის, რის გამოც “12-13 წლის ახალგაზრდა თავის ძალიან რთულ პრობლემებთან რჩება სრულიად მარტო” და დამოუკიდებლად, ხშირად, ინტერნეტით ცდილობენ, რიგ კითხვებზე პასუხი მიიღონ ანდა თავიანთი ძალებით განახორციელონ რიგი ჩარევები:

“ჩემს პრაქტიკაში შემხვედრიან ახალგაზრდები, რომლებმაც თვითონ ჩაიტარეს ჰორმონალური თერაპია. წარმოიდგინეთ, რამხელა ემოციური განცდის ქვეშ არის 12-13 წლის ახალგაზრდა და ამას არავის ეუბნება: არც მშობელს, არც სპეციალისტს, არავის მიმართავს და თავისი ძალებით იწერს რაღაცას ინტერნეტიდან. ეს შეიძლება ძალიან საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის”.

ფსიქიატრთა საზოგადოება ეთიკის კოდექსით ხელმძღვანელობს და ამავე კოდექსის მიხედვით მსჯელობს აღნიშნული მიმართულებით მომუშავეთა გადაცდომებზე. შემთხვევის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით რომელიმე ფსიქიატრს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის “შეცვლის” მცდელობა ჰქონდა, პირადად მას, არ სმენია. მისი თქმით, თუ შესაბამისი განცხადებით მიმართავენ, ფსიქიატრთა საზოგადოება აღნიშნულს განიხილავს.

” “გარდაქმნის” რიგი პრაქტიკები წამებას უტოლდება”

რთული სათქმელია, რამდენად შორს მიდის ლგბტ თემის წევრთა “გარდაქმნის” მცდელობები საქართველოში. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფსევდომეცნიერული პრაქტიკის ნებისმიერი ფორმა ადამიანისათვის საზიანოა, ზოგიერთი კი პირდაპირ უტოლდება წამებას. ამიტომაცაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნული “თერაპიის” აკრძალვას მოითხოვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

“თავისთავად, გარდაქმნის თერაპია არის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და სოციალური უგულებელყოფის ერთ-ერთი ფორმა. ამ თერაპიის რიგი პრაქტიკები უტოლდება წამებასა და სასტიკ მოპყრობას. თუმცა ისეთი გარდაქმნის პრაქტიკების შემთხვევაშიც კი, როგორიც არის ფსიქოთერაპია, არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, თუ როგორი გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ზიანი მოაქვს ამას.

ასევე არსებობს კვლევები, რამდენად უფრო მაღალია სუიციდური იდეები და სუიციდის მცდელობები ლგბტ თემის იმ წარმომადგენელთა შორის, რომელთაც ეს პრაქტიკა შეეხოთ, მათთან შედარებით, ვისაც არ აქვს მსგავსი გამოცდილება”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” ლელა ცისკარიშვილი, “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” დირექტორი.

გაეროს გლობალური კვლევის თანახმად, ე.წ. გარდაქმნის თერაპიის ობიექტთა ნახევარი ბავშვი იყო, როცა ეს პროცესი საკუთარ თავზე გამოსცადა, 80% კი იყო 24 წლის ან უფრო ახალგაზრდა. “თერაპიის” ფორმები მრავალგვარია, დაწყებული საუბრითა და “სასულიერო კონსულტაციებით”, დამთავრებული ელექტროშოკისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

“თერაპიას” ძალიან დიდი და ღრმა ზიანი მოაქვს იდენტობის დონეზე, მოაქვს სირცხვილი, საკუთარი თავის ზიზღი, საკუთარი თავის არაფრად ჩაგდების განცდა… არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამ თერაპიას რაიმე ტიპის ცვლილება მოჰქონდეს. ადამიანი იდენტობას არ ირჩევს, ისევე როგორც თმის ფერს არ ვირჩევთ. ნგრევის მეტი არაფერი მოაქვს ამ პროცესს. ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმები მონაწილეობენ ამ თერაპიაში და სამწუხაროა, რომ არ არის ეს რეგულირებული”, – აღნიშნავს ლელა ცისკარიშვილი და ამატებს, რომ შედეგები მეტად მძიმეა, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ.

GCRT-ის დირექტორის თქმით, რეგულირება აუცილებელია, თუმცა მანამდე ქვეყანას უნდა ჰქონდეს ნათელი სურათი, თუ რა ხდება ამ კუთხით დღეს. კონკრეტულად, უნდა გაირკვეს, რა ფორმითაა ამაში ჩართული სამედიცინო სფერო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და სხვები.

ოფიციალურად, ე.წ. გარდაქმნის თერაპია 5 ქვეყანაშია სრულად აკრძალული, თუმცა სია ფართოვდება. ბოლოს მათ რიცხვს გერმანია შეუერთდა, კანადა კი აკრძალვისათვის მზადების პროცესშია. 2 წლის წინ შესაბამისი გეგმა დიდმა ბრიტანეთმაც შეიმუშავა. 

“ნეტგაზეთი” შეეცადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან დაკავშირებასაც, რათა გაერკვია, როგორ უყურებს აღნიშნულ საკითხს და ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება კანონმდებლობაში აღნიშნული პრაქტიკისაგან ლგბტ თემის წევრთა დასაცავად. კილაძესთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი