ახალი ამბები

პროვოკაცია იყო ორიენტაცია არეული ახალგაზრდებისგან – კობახიძე რუბლების დაყრაზე

10 ივნისი, 2023 • 2249
პროვოკაცია იყო ორიენტაცია არეული ახალგაზრდებისგან – კობახიძე რუბლების დაყრაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მისთვის რუსული რუბლების დაყრას მორიგი ჰომოფობიური განცხადებით პასუხობს.

როგორც კობახიძე აცხადებს, რომ თსუ-ში მისთვის რუსული რუბლების დაყრა „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდების მოწყობილი იყო, რომეთაც ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდების „ყველანაირი ორიენტაცია გამოსწორდეს“.

„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი.

ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს.

კობახიძე თსუ-ში სტუდენტს ლექციებს საქართველოს კონსტიტუციის შესახებ უკითხავს.

როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, მას რუბლი სტუდენტებმა იმ დროს დაუყარეს, როდესაც ლექციის შემდეგ ის უნივერსიტეტის კიბეებზე დაცვასთან ერთად ჩადიოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძის მიმართ უნივერსიტეტში პროტესტს გამოხატავენ. მარტში, როცა მმართველი გუნდი „რუსული კანონის“ მიღებას აპირებდა, სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კობახიძის სახელმძღვანელო პროტესტის ნიშნად დახიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი