ახალი ამბები | ,

პროპაგანდისტულ „პრაიდს“ 95% ეწინააღმდეგება, იძულებული ვართ დავემორჩილოთ – ღარიბაშვილი

12 ივლისი, 2021 | | 1528
პროპაგანდისტულ „პრაიდს“ 95% ეწინააღმდეგება, იძულებული ვართ დავემორჩილოთ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობიურ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველთვის გაუწევს ანგარიშს მოსახლეობის „აბსოლუტური უმრავლესობის“ აზრს, რომელიც „დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშისტული აღლუმის ჩატარების“ წინააღმდეგია.

ღარიბაშვილმა ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაზე საუბრისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დააკავშირა და განაცხადა:

„ჯერ ეს ერთი, აღლუმი რა სახელია. მე ვიცი ერთი აღლუმი, ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს“.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „მანამდე, 3 დღის განმავლობაში, ისინი ყოველგვარი შეფერხების გარეშე იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ აღნიშნულ კვირეულს. არავითარი შეფერხება, აგრესია  არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია“.

„პრაიდის“ კვირეულის ცალკეული ღონისძიებები, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობრივი წინააღმდეგობის ფონზე, აგრესიულ გარემოში, პოლიციის კორდონების ფონზე გაიმართა.

ამის შემდეგ პრემიერმა ჰომოფობიური ენა გამოიყენა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო განცხადება გააკეთა:

„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ“.

ღარიბაშვილს არ დაუზუსტებია, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „მოსახლეობის 95%“ პრაიდის წინააღმდეგია; განაცხადა, რომ „ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს. როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი თანასწორობის უფლებას ეხება და ამბობს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას კრძალავს.

ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში“:

„მაგრამ როდესაც ხდება პროვოკაციული მიზნით, პოლიტიკური მიზნით ამ ყველაფრის ორგანიზება, არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით“.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე აღიარებს ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა თანასწორობის იდეას, საქართველოში არსებული ქვიარ უფლებათა ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ცალკეული სოციალური ჯგუფები, მათ შორის ქვირები, რეალობაში ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობას და განიცდიან სტრუქტურულ ჩაგვრასა და დისკრიმინაციას.

„ლგბტქი ჯგუფის წევრები სისტემური ძალადობის, დისკრიმინაციისა და დევნის მსხვერპლები არიან როგორც სახელმწიფოს, საზოგადოების, ისე კონკრეტული ინსტიტუტების, მათ შორის სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მხრიდან“, – წერია ერთ-ერთ საჩვიდმეტმაისო მანიფესტში.

პრაიდი კი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

5 ივლისის მოვლენები

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ოპერატორის გარდაცვალება

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

ბოდიში, რომ ამას ვიმეორებ – გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ – ღარიბაშვილი

“ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე” – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი