საზოგადოება

ვინ არის კორნელიუს კატონა, ვისი დასკვნაც სასამართლომ არ გაითვალისწინა

7 თებერვალი, 2023 • 745
ვინ არის კორნელიუს კატონა, ვისი დასკვნაც სასამართლომ არ გაითვალისწინა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრი “ემპათიის” მიერ შედგენილი სამედიცინო დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, კორნელიუს კატონა საქართველოში დემენციის თაობაზე მოქმედ, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური გაიდლაინისთვის (სახელმძღვანელო) გამოყენებული ერთ-ერთი ლიტერატურის თანაავტორია.

თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა “ემპათიის” დასკვნა და მათ შორის კატონას შეფასება სააკაშვილის მძიმე ფსიქიატრიული მდგომარეობის შესახებ და ექსპრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.

დემენციის მართვის გაიდლაინი საქართველოში

გაიდლაინი: “დემენცია – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია”, 2008 წლის 5 ნოემბერს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. გაიდლაინის შედგენის პროცესში გამოყენებულია კატონას წიგნი “მემანტინის როლი ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობაში”, რომელიც 2004 წელს გამოიცა.

ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, ეკა ჭყონია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ გაიდლაინის შედგენისას ავტორები იყენებენ ამ მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო დოკუმენტებსა და ამ სფეროში აღიარებულ სანდო ლიტერატურას. მისი თქმით, სწორედ ასე მოხდა 2008 წლის გაიდლაინის შედგენისასაც. ეკა ჭყონია ქართული გაიდლიანის თანაავტორია.

ჭყონიას განმარტებით, რადგან აღნიშნულ გაიდლაინში მითითებული იყო კორნელიუს კატონას ლიტერატურა, ეს ნიშნავს, რომ ის მიჩნეულია დარგის სანდო სპეციალისტად.

აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების განყოფილებაში.

ჭყონია აღნიშნავს, რომ 2008 წელს შედგენილი გაიდლაინი წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ქართველი ფსიქიატრებისთვის დემენციის მართვის პროცესში, თუმცა მისი გამოყენება სავალდებულო არ არის.

ვინ არის კორნელიუს კატონა

კატონა კემბრიჯის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორია, ასევე არის დიდი ბრიტანეთის სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის წევრი და გენერალური სამედიცინო საბჭოს [GMC] მიერ აღიარებული ზოგადი ფსიქიატრიის სპეციალისტი.

2006 წლიდან 1200-ზე მეტი საექსპერტო სამედიცინო დასკვნა აქვს მომზადებული. კატონა იყო დეპრესიასა და დემენციაზე მომზადებული რამდენიმე კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი.

კატონა ასევე არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი და ხელმძღვანელობს სამეფო კოლეჯის ფსიქიკური ჯანმრთელობის თავშესაფარს. ის ასევე არის ჰელენ ბამბერის ფონდის სამედიცინო დირექტორი. როგორც თავად აღნიშნავს, კატონა საერთაშორისოდ ცნობილია, როგორც ხანდაზმულ ადამიანებში დეპრესიისა და დემენციის მკვლევარი.

სხვადასხვა დროს  იყო მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე ხანდაზმულთა სამუშაო ჯგუფში, ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის დეკანი, “აფექტური აშლილობის” შესახებ სამედიცინო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქიკური ჯანმრთელობის მეცნიერებათა დეპარტამენტის საპატიო პროფესორი და კენტის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა ინსტიტუტის დეკანი.

რა დიაგნოზი დაუსვა კატონამ სააკაშვილს

ბრიტანელმა ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევა ჩაუტარა 2022 წლის ნოემბერში კლინიკა ვივამედში.

მან სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და დემენციის დიაგნოზი დაუსვა.

2023 წლის 27 იანვარს კი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გაუქმების სასამართლო პროცესზე გამოკითხეს.

ბრიტანელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ შეაგროვა მიხეილ სააკაშვილის სრული ფსიქიატრიული ანამნეზი და გამოიკვლია პაციენტი. ფსიქიატრის თქმით, დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენა ფსიქიატრიისა და დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო, რომელიც ფსიქიატრთა ასოციაციის მიერაა შემოთავაზებული.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჩაატარა დეტალური კოგნიტიური შეფასება და ამ კვლევების შედეგად საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა პაციენტის ყურადღების, მეხსიერების, მეტყველებისა და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით.

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, საკუთარ დასკვნაში განსაზღვრა რამდენიმე მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია სააკაშვილის ნეირო-კოგნიტიური აშლილობა:

„პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი რეფიდინგი, ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, მისი აუხსნელი ცხელება, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის გამო, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე, მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი მძიმე მეტალები”, – აცხადებს ფსიქიატრი.

კატონას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია სპეციფიკური მკურნალობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო. ამასთან, ის იმყოფება გარემოში, სადაც თავს დაცულად არ გრძნობს, რაც წამყვანია ამ დიაგნოზის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მისი პატიმრობა ხელის შემშლელი ფაქტორია პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და დემენციის მკურნალობაში. კორნელიუს კატონა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობა იმ ქვეყანასა და სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაგრძელდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე, ქრონიკული პაციენტი, ბრიტანელი ფსიქიატრი აცხადებს, რომ — დიახ.

კატონა ეთანხმება ადვოკატებს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და სასჯელის მოხდის თვალსაზრისით ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, ბრიტანელი ექსპერტი ფიქრობს, რომ დამძიმდება მისი დეპრესიული სიმპტომები, რომელიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობითაა გამოწვეული. ამასთან, ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ პაციენტს გააჩნია საკმაოდ მძიმე კოგნიტიური დარღვევები, რომელთა მიზეზი დადგენილი არ არის და თუ ეს არ იქნება აღმოჩენილი და შესაბამისად ნამკურნალები, ამ დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოთერაპია ვერ ჩაუტარდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან თვალთვალისა და მიყურადების პირობებში და ვიდეომეთვალყურეობის პირობებში მკურნალობა უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხეს, თუ მიხეილ სააკაშვილის კოგნიტიური პრობლემები მართლაც ასეთი ღრმა და გლობალურია, მაშინ როგორ შეუძლია მსჯავრდებულს გაიხსენოს შესაძლო ძალადობის ინციდენტები და დეტალურად, განუწყვეტლივ ისაუბროს მათზე, რაზეც კატონა პასუხობს, რომ ეს დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს არაფერი უნდა ახსოვდეს.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტებს ძირითადი მოვლენები ახსოვთ, ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გახსენება შეუძლია.

მოსამართლის განაჩენი

მოსამართლე გიორგი არევაძემ არ გაითვალისწინა კატონას და ცენტრი “ემპათიის” სხვა ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილს მძიმე ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური პრობლემები აქვს, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართულები იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. სამხარაულის დასკვნით სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს. თუმცა დაცვის მხარე არამხოლოდ სასჯელისგან გათავისუფლებას, რამედ მის გადავადებასაც ითხოვდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, სამხარაულის ექსპერტებს (გასტროენტეროლოგსა და ფსიქიატრს) მიხეილ სააკაშვილი პირადად არ გაუსინჯავთ და მისთვის არც რაიმე ანალიზები და გამოკვლევები დაუნიშნავთ, განსხვავებით “ემპათიის” ექსპერტებისაგან. შესაბამისად, ისინი დასკვნამდე მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის წაკითხვით მივიდნენ, რაც დაცვის მხარის კრიტიკის საგანი გახდა. “დემენცია აქვს თუ არა პაციენტს, ნახვის გარეშე როგორ დაადგინეთ?” – კითხვას სვამდა სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. სამხარაულის ექსპერტების მიხედვით, დასკვნის დამკვეთმა რა კითხვებიც დასვა და რაზეც მათ უნდა ეპასუხათ, არ საჭიროებდა პაციენტის ნახვას და მის გასინჯვას. ექსპერტის თქმით, მის მიერ მომზადებული დასკვნა ეყრდნობა იმ სამედიცინო მონაცემებს, რომელსაც თავის მხრივ „ემპათიის“ დასკვნა ეყრდნობა. “ემპათიის” დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარის შეფასებით ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.

კატონას გარდა სააკაშვილს სხვადასხვა მძიმე დიაგნოზი სხვა ექიმებმაც დაუსვეს, მათ შორის ომბუდსმენის კონსილიუმის ფარგლებში.მათი ჩვენებები:

მასალების გადაბეჭდვის წესი