საზოგადოება

„მძიმე, ქრონიკული პაციენტია“ – ბრიტანელი ექსპერტი სააკაშვილზე

27 იანვარი, 2023 • 1034
„მძიმე, ქრონიკული პაციენტია“ – ბრიტანელი ექსპერტი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გაუქმების სასამართლო პროცესზე გამოკითხეს ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, რომელმაც დასკვნა მოამზადა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბრიტანელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევა პირადად ჩაუტარა 2022 წლის ნოემბერში. მისი თქმით, შეხვედრა კლინიკა „ვივამედში“ შედგა და სამ საათს გასტანა. კატონას თქმით, მან შეაგროვა მიხეილ სააკაშვილის სრული ფსიქიატრიული ანამნეზი და გამოიკვლია პაციენტი. ფსიქიატრის თქმით, დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენა ფსიქიატრიისა და დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო, რომელიც ფსიქიატრთა ასოციაციის მიერაა შემოთავაზებული.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჩაატარა დეტალური კოგნიტიური შეფასება და ამ კვლევების შედეგად საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა პაციენტის ყურადღების, მეხსიერების, მეტყველებისა და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით.

შედეგად, კორნელიუს კატონა სასამართლო სხდომაზე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუსვა პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და დემენციის დიაგნოზები.

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, საკუთარ დასკვნაში მან განსაზღვრა რამდენიმე მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია სააკაშვილის ნეირო-კოგნიტიური აშლილობა:

„პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი რეფიდინგი, ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, მისი აუხსნელი ცხელება, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკე ენცეფალოპათიის გამო, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე, მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი მძიმე მეტალები”, – აცხადებს ფსიქიატრი.

კატონას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია სპეციფიკური მკურნალობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო. ამასთან, ის იმყოფება გარემოში, სადაც თავს დაცულად არ გრძნობს, რაც წამყვანია ამ დიაგნოზის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მისი პატიმრობა ხელის შემშლელი ფაქტორია პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და დემენციის მკურნალობაში. კორნელიუს კატონა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობა იმ ქვეყანასა და სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაგრძელდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე, ქრონიკული პაციენტი, ბრიტანელი ფსიქიატრი აცხადებს, რომ — დიახ.

კატონა ეთანხმება ადვოკატებს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და სასჯელის მოხდის თვალსაზრისით ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, ბრიტანელი ექსპერტი ფიქრობს, რომ დამძიმდება მისი დეპრესიული სიმპტომები, რომელიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობითაა გამოწვეული. ამასთან, ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ პაციენტს გააჩნია საკმაოდ მძიმე კოგნიტიური დარღვევები, რომელთა მიზეზი დადგენილი არ არის და თუ ეს არ იქნება აღმოჩენილი და შესაბამისად ნამკურნალები, ამ დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოთერაპია ვერ ჩაუტარდება  პენიტენციური სამსახურის მხრიდან თვალთვალისა და მიყურადების პირობებში და ვიდეომეთვალყურეობის პირობებში მკურნალობა უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხეს, თუ მიხეილ სააკაშვილის კოგნიტური პრობლემები მართლაც ასეთი ღრმა და გლობალურია, მაშინ როგორ შეუძლია მსჯავრდებულს გაიხსენოს შესაძლო ძალადობის ინციდენტები და დეტალურად, განუწყვეტლივ ისაუბროს მათზე, რაზეც კოტონა პასუხობს, რომ ეს დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს არაფერი უნდა ახსოვდეს.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტებს ძირითადი მოვლენები ახსოვთ, ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გახსენება შეუძლია.


უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.

მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი