სამართალი

რა თქვა ამერიკელმა ქირურგმა სააკაშვილის სასამართლოზე [ვრცლად]

17 იანვარი, 2023 • 2384
რა თქვა ამერიკელმა ქირურგმა სააკაშვილის სასამართლოზე [ვრცლად]

17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის ფარგლებში ამერიკელ ქირურგს ჯეიმს კობის მოუსმინეს.

ჯეიმს კობი არის სერტიფიცირებული ორთოპედიული ქირურგი, რომელსაც ასევე აქვს გამოცდილება ტრავმატოლოგიაში და ხერხემლის ქირურგიაში. ჯეიმს კობი არის თანაავტორი 1991 წლის მოხსენებისა „ნაღმები კამბოჯაში: მშიშარა ომი“, რომელიც PHR-ისა და Asia Watch-ის (ახლანდელი Human Rights Watch) მიერ გამოქვეყნდა. სახმელეთო ნაღმების კატასტროფული მემკვიდრეობის ამ ინოვაციურმა ანალიზმა გამოიწვია მიწის ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის შექმნა (ICBL), რომელმაც 1997 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე ჯეიმს კობის სთხოვა დადასტურება, რომ ნობელის პრემია მედიცინის დარგში არ მიუღია.

„ჩვენ ვსწავლობდით კამბოჯაში ნაღმების საკითხს. ეს კომპლექსური საკითხია და მთელი ჯგუფი მუშაობდა. მე ვმონაწილეობდი, როგორც ორთოპედიული ქირურგი და ეპიდემიოლოგი. იყვნენ სხვა სპეციალისტებიც და ნობელის პრემია ჩვენ მივიღეთ ერთად, როგორც ჯგუფმა. პრიზი გადმოცემული იყო ნაღმების წინააღმდეგ კამპანიისთვის იმ კვალიფიკაციით, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც ექიმს და როგორც ეპიდემიოლოგს“, — განმარტა კობიმ.

ჯეიმს კობი ერთ-ერთია იმ სამედიცინო ექსპერტებს შორის, რომელიც ცენტრი „ემპათიის“ მოწვევით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში ჩაერთო. კობიმ სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი 2022 წლის 8 ოქტომბერს, ორჯერ მონახულების ფარგლებში გამოიკვლია. ასევე, საშუალება ჰქონდა ენახა რენტგენის სურათები.

ექიმ კობის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზებია:

  • მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და უკანა დისლოკაცია,
  • მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი,
  • დაზიანებული (გახეული) აქვს მალთაშუა დისკი კისრის მიდამოში და რადიკულოპათია,
  • ასევე, აქვს სპინალური სტენოზი, რის საფუძველზეც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე.

„კისერი ჰქონდა საკმაოდ გამაგრებული. აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი, რის გამოც თავის მარცხნივ გადახრას ვერ ახერხებდა. ასევე, ძლიერი ტკივილი ჰქონდა მარცხენა მხრის მიდამოში. მარცხენა მხრის სახსრის მოძრაობა შეეძლო მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში. ეს ორი რაღაც — კისრის კუნთების რიგიდობა და მხრის სახსარში არსებული ტკივილი- ერთმანეთს ამძიმებდა. მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო იყო ძალიან სუსტი. მენჯ-ბარძაყის მარცხენა სახსარში მოძრაობა გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე — მარჯვენაში. ვთხოვე, რომ წამომდგარიყო ფეხზე, რათა შემესწავლა ზურგის მიდამო. ის ეყრდნობოდა საბჯენს, მარცხენა ხელის გამოყენება ფაქტობრივად არ შეეძლო, ასევე მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობა იყო შეზღუდული და ტკივილი ახლდა“, — განაცხადა ჯეიმს კობიმ.

ექიმი იხსენებს, რომ 8 ოქტომბრის საღამოს მეორედ მოინახულა სააკაშვილი და გაეცნო რენტგენის სურათსაც, რომელზეც მხრის სახსარი მხოლოდ ერთი პოზიციით იყო დაფიქსირებული და უკანა დისლოკაციის დადასტურება რთული იყო; ნოემბერში მარცხენა სახსარზე გაკეთებულმა მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ (MRI) დაადასტურა ართრიტის არსებობა და ღრმა ღრუ მხრის ძვლის თავზე, რაც, კობის შეფასებით, სავსებით შეესაბამებოდა დისლოკაციის დასკვნას, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ეს შეფასება არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ კობიმ დისლოკაციის დიაგნოზი უნდა გააუქმოს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის და MRI-ის კვლევებმა, კობის თქმით, აჩვენა ართრიტი მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარშიც. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ზემოაღნიშნული დაზიანებები. ჯეიმს კობი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ციხეში გადაყვანის დროს კისრის დაზიანებისგან, ისე შემდეგ განვითარებული მრავლობითი  გულყრებით. მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი, ექიმის აზრით, შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგიც იყოს, ვინაიდან ვერცხლისწყალი სახსრების დაზიანებას იწვევს. კობის თქმით, ართრიტი, ასევე, ნაპოვნია ხერხემლის მიდამოშიც, თუმცა დეგენერაციული ხასიათისაა და ტრავმას არ უკავშირებს.

ამერიკელი ექიმის აზრით, მიხეილ სააკაშვილს უახლოეს პერიოდში სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე და მარცხენა მხრის სახსარზე, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა და ასევე, შესაძლოა — მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზეც.

„სააკაშვილს მოძრაობა უკვე მკვეთრად გართულებული აქვს. თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და პრაქტიკულად, სიარულს და მოძრაობას ვეღარ შეძლებს“, — დასძინა ჯეიმმა კობიმ.

ექიმმა დადებითად უპასუხა კითხვას, ხელს უშლის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდაში.

„ის ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს კისრის მიდამოში, სადაც ხდება სპინალურ ნერვზე ზეწოლა და, შესაბამისად, უფრო და უფრო სუსტდება. ტკივილგამაყუჩებლები არ უკეთდება. უკეთდებოდა ვალიუმის ინექციები, რაც არის დამამშვიდებელი საშუალება და არანაირი კავშირი ტკივილის გაყუჩებასთან არ აქვს“, — განაცხადა მან.

ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა ადეკვატური დიაგნოსტირება და მკურნალობა.

„ბოლო MRI რომ ვნახე, დავრწმუნდი, რომ ის პრაქტიკულად არ არის ნამკურნალევი და მისი მდგომარეობა უარესდება“, — ამბობს იგი.

პენიტენციურ სამსახურს სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის უფროსი ნიკა აბრამიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

ნიკა აბრამიშვილი ამერიკელი ექიმის გამოკითხვისას დაინტერესდა ტექნიკური საკითხებით — გაეგზავნა თუ არა მას კონკრეტული წერილობითი კითხვები, რა კითხვები იყო ეს, რატომ არ არის კითხვები ჩამოთვლილი მის დასკვნაში, შეფასება მოამზადა საკუთარი სურვილით თუ ექსპერტიზის კითხვების მიხედვით. დაცვის მხარემ აბრამიშვილის კითხვები გააპროტესტა, თქვა, რომ კითხვები მოცემულია ემპათიის დასკვნაში და გაუგებარია, ცალკე რატომ უნდა აღენიშნა ექიმ კობის დასკვნის საკუთარ ნაწილში.

პენიტენციური სამსახური: ექსპერტი კობი დასკვნაში საუბრობს ელექტროშოკების სავარაუდო გამოყენებაზე. რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით საუბრობთ ამას?

ექიმი კობი: მე კვლევისას არ მინახავს, რომ ეს უშუალოდ ელექტროშოკისგან იყოს გამოწვეული, თუმცა ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ნანახი მაქვს, რომ ელექტროშოკის გამოყენების დროს, მათ შორის წამების შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებათ ამ ტიპის დაზიანებები.

— იცით თუ არა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში ელექტროშოკური მოწყობილობა სპეციალური საშუალებების ჩამონათვალიდან 10 წელზე მეტია ამოღებულია?

— მე არ მაქვს წარმოდგენა, რა ხდება საპატიმრო დაწესებულებებში, მე მინახავს, რომ ელექტროშოკები ასეთ დაზიანებებს იწვევს.

მალხაზ ურთქმელიძემ აღნიშნა, რომ უკანა მხრის სახსრის ამოვარდნილობა საკმაოდ მწვავე პროცესია და თან უნდა ახლდეს კლინიკური გამოვლინება მწვავე ტკივილის, მოძრაობის შეზღუდვის და სახსრის კონფიგურაციის შეცვლით. იგი დაინტერესდა, ახლა აქვს თუ არა სააკაშვილს ამოვარდნილობა. კობის თქმით, ამ კითხვას ვერ უპასუხებს, რადგან ხელთ არ აქვს ამჟამინდელი რენტგენის და მაგნიტორეზონანსული კვლევის შედეგები, თუმცა არსებული კუნთების რიგიდობა ამოვარდნილობაზე მიუთითებს.

მალხაზ ურთქმელიძის თქმით, MRI გადაღებულია და ამოვარდნილობა დადასტურებული არ არის.

პენიტენციური სამსახური: „არც ამოვარდნილობა, არც მოტეხილობა ფიქსირდება.  ამ შემთხვევაში  ბუნებრივია თუ არა, რომ მოხსნათ თქვენი დიაგნოზი ამოვარდნილობის შესახებ?“

ექიმი: პირველად ვნახე რენტგენის სურათი, რომლის მიხედვითაც არ შემეძლო მეთქვა, ამოვარდნილობა იყო თუ არა…

პენიტენციური სამსახური: — მაგრამ მაინც დასვით დიაგნოზი…

ექიმი: — მე ეს დიაგნოზი დავსვი იმის ბაზაზე, რომ იყო ტკივილი მხრის მიდამოში, რამაც დამაეჭვა, რომ იქ შესაძლოა ყოფილიყო უკანა დისლოკაცია.

პენიტენციური სამსახური: — მაშინ არც რენტგენი უნახავს, არც MRI. იმის მერე ორივე გაკეთდა. ამოვარდნილობა არ ფიქსირდება და მაინც ტოვებთ ამ დიაგნოზს?

ექიმი: მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეს დიაგნოზი მოვხსნა, რადგანაც მხრის კუნთების რიგიდობა მკვეთრად გამოხატულია, მტკივნეულია და ეს შეიძლება იყოს ამოვარდნილობის ან ართრიტის შედეგი.

პენიტენციური სამსახური: ართრიტი სხვაა და ამოვარდნილობა სხვა, ამას ვამბობ. ამოვარდნილობა უნდა მოხსნას მაშინ…

ნიკა აბრამიშვილი, თავის მხრივ, დაინტერესდა, ამოვარდნილობის შემთხვევაში შეუძლია თუ არა ადამიანს ამოვარდნილი კიდურის თავისუფლად გამოყენება, სამედიცინო აპარატურის გადმოგდება და სხვა ადამიანისთვის ხელის დარტყმა და ჰკითხა, ნანახი ჰქონდა თუ არა კობის მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრები.

ექიმმა აღნიშნა, რომ დისლოკაციის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია გარკვეული ამპლიტუდის ფარგლებში, ზემოთ და ქვემოთ მხრის სახსრის მოძრაობა, თუმცა, შეზღუდულად, რადგან ამ დროს მხარი ძალიან სუსტია. კობის თქმით, მას კადრები ნანახი აქვს და ვიდეოს საფუძველზე არ შეუძლია თქმა, რა მდგომარეობაში იყო იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის სახსარი.

„მე იმის თქმა მინდა, რომ მისი მხრის სახსრის მდგომარეობა იყო ნორმალური გადაყვანამდე და აღმოჩნდა დაზიანებები გადაყვანის შემდეგ, თუმცა ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, თუ იქ კიდევ არ იყო კრუნჩხვები და ამან არ გამოიწვია“, — განაცხადა კობიმ.

სააკაშვილის ადვოკატებმა გააპროტესტეს, რომ პენიტენციური სამსახურს ექიმი შეცდომაში შეჰყავს და ეკითხება სამედიცინო კვლევების შესახებ, რომელიც საქმეში არ დევს. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 8 ნოემბერს გადაიყვანეს და კადრებიც ამ დღეს ასახავს, კრუნჩხვა კი 18 ნოემბერს ჰქონდა.

ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჯეიმს კობის ჰკითხა, ართრიტის შემთხვევაში ენდოპროთეზირების (რის რეკომენდაციასაც კობი გასცემს სააკაშვილის შემთხვევაში) პრაქტიკა თუ არსებობს შეერთებულ შტატებში. კობის თქმით, კი და ეს საკმაოდ მარტივი ოპერაციაა. პენიტენციური სამსახური დაინტერესდა, ართრიტის თუ ართროზის შემთხვევაში არის მიზანშეწონილი ასეთი ოპერაცია. კობის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როცა სახსარში მოძრაობა შეზღუდულია და ამ მდგომარეობით გამოწვეულია ტკივილი, ოპერაცია უნდა გაკეთდეს.

სააკაშვილს ოპერაცია სჭირდება, თორემ სიარულს ვეღარ შეძლებს — ექიმი კობი

 

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. ამის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.

მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი