საზოგადოება

„სააკაშვილს სასჯელის მოხდა არ შეუძლია“ — რა თქვა ამერიკელმა ნევროლოგმა სასამართლოზე

9 იანვარი, 2023 • 1102
„სააკაშვილს სასჯელის მოხდა არ შეუძლია“ — რა თქვა ამერიკელმა ნევროლოგმა სასამართლოზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს, 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს დღეს არ დასწრებია. როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომის დაწყებისას განაცხადა, ჯანმრთელობის მდომარეობის გამო სააკაშვილმა უარი განაცხადა პროცესზე დისტანციურად ჩართვაზეც.

დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ემანუელ ლახანი გამოკითხეს. ის სააკაშვილის მდგომაროებასთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევისას კლინიკური ნევროლოგიის სფეროში გამოქვეყნებული არაერთი ლიტერატურა გამოიყენა — საერთაშორისო და ნაციონალური გაიდლაინები.

როგორც უცხოელმა ექსპერტმა განაცხადა, სააკაშვილს სერიოზული დაავადებები აქვს, რაც სასჯელის მოხდისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.

რა თქვა ემანუელ ლახანმა

როგორც უცხოელმა ექსპერტმა განაცხადა, სააკაშვილი სერიოზულად არის ავად და ამიტომ სასჯელის მოხდა არ შეუძლია.

„მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, ეს არის: თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს. ასევე აღენიშნება კრუნჩხვები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ხელს უშლის სიარულის ფუნქციის განხორციელებაში. ასევე, მას აქვს ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ, ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ასევე, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა იმათ შორის, რომელიც მას აქვს“, — განაცხადა ემანუელ ლახანმა.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, სააკაშვილს ქრონიკული დაავადებები აქვს, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია, მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრჯერ მინახავს კრუნჩხვითი შეტევები. თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარედეს უცაბედი სიკვდილი. ჩემ მიერ გასინჯვისას ვხედავ, რომ ეს საშიშროება არის, რადგანაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება”, –  განაცხადა ლახანმა.

რაც შეეხება დემენციას, ექსპერტის თქმით, ამ მხრივ საააკაშვილის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება.

„ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის: საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ. რამდენადაც მე დავადგინე და ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება და გამომდინარე იქიდან, რომ არ უტარდება სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს“, — განაცხადა ლახანმა.

მისი თქმით, სააკაშვილს სასჯელაღსრულების სისტემაში კრუნჩხვებთან დაკავშირებით არაადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა. ასევე, როდესაც სააკაშვილი გამოიკვლია, მისთვის არ უთქვამთ, რომ კრუნჩხვები ჰქონდა.

„ჩემთვის არ უთქვამთ, რომ მას ჰქონდა კრუნჩხვები, რომ დაეცა. მე მის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და კანზე ლაცერაციები ვნახე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად სააკაშვილს არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც თავისთავად დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. როგორც კი ეს დაზიანებები აღმოვაჩინე, ეს ვუთხარი ციხის პერსონალს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა არ ჩატარებია. ჩემთვის ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად არაადეკვატურია პენიტენციურის სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა“, – განაცხადა ექსპერტმა.

პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ  2022 წლის 17 მაისის ტომოგრაფიით სააკაშვილს თეთრი ნივთიერების სიმკვრივის შემცირება და დემიელინიზაცია დაუდგინდა. ხაჭაპურიძის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილს თეთრი ნივთიერების კვლევა არ ჩატარებია. მან ექსპერტს ჰკითხა, შეუწყო თუ არა ამან ხელი კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას და დემენციის ჩამოყალიბებას.

ემანუელ ლახანის თქმით, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება ნორმასთან შედარებით, მდგომარეობა ძალიან საგანაგაშო და შემაშფოთებელია. მისი თქმით, ასეთ დროს საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება.

„თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენცია და ეპილეფსია. სამეცნიერო თვალსაზრისით, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ძალიან დიდ ალბათობას წარმოადგენს ის, რომ თეთრი ნივთიერების შემცირება დემენციის ერთ-ერთი შედეგი იყოს.

იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი სურათი, მინდა დავამატო, რომ დემენციის დიაგნოზი მარტო კომპიუტერული ტომოგრაფიით არ ისმება. დიაგნოზი კომპლექსური, ნევროლოგიური კვლევით ისმება, რაც მე ჩავატარე. გონებრივი შესაძლებლობების შეფასება ხდება 2-დან 30-მდე. ის ყველა შემთხვევა, სადაც ეს 26-ზე ნაკლებია, მეტყველებს თავის ტვინის დაზიანებაზე. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა, ისევე როგორც სხვა ექსპერტების, გვაჩვენებს, რომ ეს ქულა იყო 20, ეს მეტყველებს, რომ პათოლოგიაა. ანუ დემენციის დიაგნოზი დაისვა კომპლექსურად“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს გულყრის 7 ეპიზოდი ჰქონდა და პენიტენციური სამსახური არცერთს არ აღიარებს. მან ექსპერტს ჰკითხა, რისგან არის გულყრები გამოწვეული და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ.

ამერიკელი ექსპერტით განმარტებით, გულყრებს შეიძლება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს, მისი ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი კი უცაბედი სიკვდილია.

„ეს შეიძლება იყოს ინფექციური, ტოქსიკური მიზეზები, ასევე თავის ტვინის ორგანული დაზიანებაც. როდესაც არის გულყრა, ის იწვევს გონების დაკარგვას და ფიზიკური დაზიანებების მიღების საშიშროებაა. როდესაც არ ხდება გულყრების კონტროლი, ეფექტური მოვლენა, არის უფრო მძიმე ხარისხის გულყრების წარმოქმნის საშიშროება.

გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია. როდესაც ადგილი აქვს გულყრას, სასუნთქ გზებში ჰაერი ადეკვატურად არ მოძრაობს და ამან შეიძლება უცაბედი სიკვდილი გამოიწვიოს. გულყრების შედეგად მას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება, სახსრებში იყო დისლოკაცია, ამოვარდნილობა“, – განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე განაცხადა, სააკაშვილის მკურნალობა FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო) მიერ დაურეგისტრირებელი 7 პრეპარატით მიმდინარეობს. მან ექსპერტს ჰკითხა, მიაყენა თუ არა ამ პრეპარატებით მკურნალობამ ზიანი სააკაშვილის ჯანმრთელობას.

„მე მესმის, რომ FDA-ის გაიდლაინებს საქართველო ცნობს და, შესაბამისად, FDA-ის მიერ არალიცენზირებული წამლების ეფექტურობა არ არის დადასტურებული, ისინი არის არაუსაფრთხო და არის მომწამვლელი. ამ წამლების მიღებამ შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა დაამძიმოს“, – განაცხადა ლახანმა.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა 40 დღეში 30 სხვადასხვა პრეპარატი მიიღო. მან ექსპერტს ჰკითხა, ითვლება თუ არა ეს პოლიფარმაციად.

„40 კალენდარული დღის განმავლობაში პაციენტისთვის 30 სხვადასხვა მედიკამენტის მიცემა არის პოლიფარმაცია. 2019 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა დოკუმენტი და დიახ, ეს განიხილება ამ სტანდარტების მიხედვით, როგორც პოლიფარმაცია. ამ დოკუმენტში მითითებულია, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მედიკამენტის მიცემა პოლიფარმაციად. პოლიფარმაცია არის 5 ან მეტი მედიკამენტის მიცემა იმ პაციენტისთვის, რომელიც არის მოწყვლადი“, — განაცხადა შახინ ემანუელ ლახანმა.

შალვა ხაჭაპურიძემ ამერიკელ ექსპერტს პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზეც ჰკითხა, კერძოდ, იწვევს თუ არა ეს მისი მდგომარეობის გაუარესებას.

„ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეიძლება გაართულოს ეს მდგომარეობა. შესაბამისად, პაციენტს უვითარდება სრული უნდობლობა სამედიცინო დაწესებულებისა და პერსონალის მიმართ და იმ შემთხვევაში, თუ მას სჭირდება შემდგომი დახმარება, შეიძლება აღარ მიმართოს ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა ექსპერტმა.

ადვოკატმა ასევე ჰკითხა ექსპერტს, მიაჩნია თუ არა, რომ სააკაშვილი დღევანდელი მდგომარეობით განიცდის ფიზიკურ ტანჯვასა და ღირსების დამცირებას.

„დიახ მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ ტანჯვას, ასევე მისი ღირსების შელახვასა და დამცირებას იმ ვიდეოკადრების გამოქვეყნების გზით, რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას“, – განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

ამერიკელმა კლინიკა „ვივა მედში“ სააკაშვილის მკურნალობის 8 თვეც შეაფასა და აღნიშნა, რომ 8 თვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია იმისთვის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს სრულყოფილი მკურნალობა.

მისი თქმით, რადგან სააკაშვილს სრულყოფილი მკურნალობა არ უტარდება, ამის გამო ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აშშ-იში ან დასავლეთ ევროპაში გადაიყვანონ სამკურნალოდ, სადაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდება.

ამასთან, ამერიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაავადებების გამო სასჯელის მოხდა არ შეუძლია.

„ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიურად ის იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი, მას ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადო დონეზე და შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო მისი შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება, რაც მე ვნახე როგორც დოკუმენტებში, ასევე გამოვავლინე ჩემ მიერ მისი გასინჯვის დროს“, – განაცხადა ემანუელ ლახანმა.

რა კითხვები ჰქონდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს

იმას, რომ სააკაშვილი დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, არ ეთანხმებიან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. დღევანდელ პროცესზე მათ ისაუბრეს, თუ როგორი იყო საააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოხვედრამდე.

როგორც პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ პროცესზე განაცხადა, ამერიკელ ექსპერტს სრულად არ დაუთვალიერები საქმესთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.

„დოკუმენტაციაში დევს, რომ 3-4 წლის ასაკში გადატანილი აქვს მენინგოენცეფალიტი. 2012-13 წლებში მიღებული აქვს ტრავმები თბილისში, თურქეთში. 2017 წელს გაკეთებული აქვს სლივგასტრექტომია. ამ ოპერაციის მიზანი იყო რეზისტენტული, პათოლოგიური, მესამე ხარისხის სიმსუქნის მკურნალობა, 2018 წელს მკურნალობდა გასტროდუოდენიტის გამო… იცოდით ესენი?“ — ჰკითხა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ექსპერტს.

ექსპერტის თქმით, სრულადაა ინფორმირებული მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის შესახებ და ასევე ინფორმაცია ჰქონდა დაკავებამდე არსებულ დიაგნოზებზე, თუმცა  არ ჩათვალა, რომ ეს ნევროლოგიურად მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდეგ ურთქმელიძემ ჩამოთვალა სააკაშვილის დაკავაბამდე არსებული კიდევ რამდენიმე დიაგნოზი.

„2018 წელს დადგენილი აქვს ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოზი, 2018-ში დაესვა ინსომნიის დიაგნოზი, 2020 წელს დაესვა ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი, 2021 წელს, შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს, 2021 წელსაც იგივე დიაგნოზი აქვს, პალპიტაციები (გულის აჩქარებები)“, – განაცხადა ურთქმელიძემ და ჰკითხა ამერიკელ ნევროლოგს, იცოდა თუ არა ამის შესახებ.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, ამის შესახებ იცოდა და  „ემპათიის“  დასკვნასაც ხელი მოაწერა. ურთქმელიძემ კი ჰკითხა, თუ ეს დიაგნოზები იცოდა, მაშინ შეიძლება თუ არა მაინც ჩაითვალოს, რომ სააკაშვილი  „უაპელაციოდ ჯანმრთელი“ იყო დაკავებამდე.

დიახ, აბსოლუტურად, ნევროლოგიური თვალსაზრისით იყო ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა გულყრები, დემენცია და პოლინევროპათია.

დღევანდელ პროცესზე ამერიკელ ნევროლოგს კითხვები  პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმაც დაუსვა. მან ექსპერტს ჰკითხა, თუ იცოდა სააკაშვილის წარსული ფსიქოტრავმების შესახებ  და ექსპერტს შეახსენა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავება.

მან ასევე იკითხა, ასევე შეიძლება თუ არა იყოს სტრესი დახურული კონტეინერით ზღვებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვა.

„რასაკვირველია, ეს სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი არაა ტრავმული. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“, – განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა და დასძინა, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არაა და მისთვის სხვა ექსპერტების მიერ მიწოდებულ ობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთებისას დალუქული არ ყოფილა. რაზეც ემანუელ ლახანმა უპასუხა, რომ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშის აღებას თავად ესწრებოდა და  იმ ლაბორატორიის მიერ მოწოდებული პროტოკოლით, სადაც უნდა გაკეთებულიყო ანალიზი.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სხვა ექსეპეტებმაც ისაუბრეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი