ახალი ამბები

სააკაშვილს ოპერაცია ესაჭიროება — ნეიროქირურგის ჩვენება

23 იანვარი, 2023 • 1230
სააკაშვილს ოპერაცია ესაჭიროება — ნეიროქირურგის ჩვენება

ნეიროქირურგ გელა მენთეშაშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კისრის სპონდილოგენური მიელოპათიის შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად ოპერაცია ესაჭიროება.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგი ერთ-ერთია „ემპათიის“ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად. გელა მენთეშაშვილი 23 იანვარს გამოიკითხა სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილავენ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს.

„ეს [კისრის სპონდილოგენური მიელოპათია] ისეთ დაავადებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქირურგიული ჩარევის საკითხი მუდმივად თან დევს. არის შემთხვევები, მყისიერად უნდა მოხდეს ჩარევა. ამ შემთხვევაში დაფიქსირებული რომ იყოს კომპრესია უშუალოდ ზურგის ტვინზე, საჭირო იქნებოდა გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ კვლევის მომენტში ზურგის ტვინზე მხოლოდ შევიწროება და იოლი კომპრესიაა. აქტიური ნეიროქირურგია მხოლოდ დროის საკითხია. ნებისმიერ შემდგომ კომპრესიას, ტრავმას ან არაფიზიოლოგიურ მოძრაობას კისრის დონეზე შეუძლია სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვთავაზობთ ოპერაციას“, — განაცხადა მენთეშაშვილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქირურგიული ჩარევით ვერ მოხდება იმის გასწორება, რაც უკვე დაზიანებულია და ოპერაციის მიზანი მხოლოდ შემდგომი გართულებების პრევენციაა.

ნეიროქირურგმა განაცხადა, რომ მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (MRI) დაფიქსირებული პათოლოგია — სპონდილოგენური მიელოპათია — კისრის მიდამოში ზურგის ტვინის მექანიკურ დაზიანებაზე მიუთითებს. გელა მენთეშაშვილის თანახმად, სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობამდე ჩივილები არ აღენიშნებოდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაზიანება რუსთავიდან გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის დროს მიიღო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები კი თავიანთ კითხვებში მოწმეებისადმი ავითარებენ ორ ვერსიას: ერთი, რომ მიელოპათია გამოწვეულია ოსტეოქონდროზისგან, მეორე კი— ადრე მიღებული ტრავმებისგან.

მაგალითად, პენიტენციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის უფროსი ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა კისრის დაზიანების ზუსტი თარიღის დადგენა და მიხეილ სააკაშვილმა მოუყვა თუ არა ექიმს ადრე გადატანილ ფიზიკურ ტრავმებზე, მაგალითად, ავარიებზე.

გელა მენთეშაშვილმა თქვა, რომ ხანდაზმულობა დგინდება ანამნეზურად და თავად ვერ განსაზღვრავს, როდის იყო მიღებული.

„იმ ჩანაწერებით, რაც იყო დაკავებამდე, პაციენტს ჩივილები არ ჰქონია. მას ტრავმის მიღების კონკრეტული მომენტები არ ახსოვდა, გარდა იმ ერთი მომენტისა, რომელიც იძულებით გადაყვანას ეხება. მე მინდოდა ტრავმის მიღების მექანიზმი ამეხსნა, მაგრამ დეტალები ვერ გაიხსენა და არ გამორიცხა, რომ იმ [გადაყვანის] მომენტში შეეძლო დაზიანების მიღება“, — განაცხადა მენთეშაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე, თავის მხრივ, დაინტერესდა, რა არის მიელოპათიის ყველაზე ხშირი მიზეზი, ოსტეოქონდროზი ხომ არა?

„არა, ოსტეოქონდროზი ვითარდება ქრონიკულად და ძალიან ადვილი დასამტკიცებელია. „მაგნიტზე“ (MRI) პირდაპირ წერია მწვავე დეგენერაციული ცვლილებები, სპონდილოგენური მიელოპათია. სამედიცინო ენაზე ეს აიხსნება, რომ ეს არის მექანიკური ზეწოლა ზურგის ტვინზე, დისკი არის დაძრული. სამედიცინო ტერმინოლოგიაში ეს ისეთი რაღაცაა, რომ ინტერპრეტაციების საშუალებას არ ტოვებს“, — აცხადებს მენთეშაშვილი.

მანამდე მიხეილ სააკაშვილისთვის ოპერაციის აუცილებლობის შესახებ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ამერიკელმა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა, ქირურგმა ჯეიმს კობიმაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, მარცხენა მხრის სახსარზე და, სავარაუდოდ, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებს.

სააკაშვილს ოპერაცია სჭირდება, თორემ სიარულს ვეღარ შეძლებს — ექიმი კობი

მასალების გადაბეჭდვის წესი