ახალი ამბები

სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს

19 აპრილი, 2024 • 1472
სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და ოპოზიციას არჩევნებზე საერთო სიით გასვლისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საერთო სიით გასული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და იმ პირებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან.

„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.

ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთობა და თანამშრომლობა და წინ უნდა წამოიწიონ ახალმა სახეებმა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა,  ახლა „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და ენმ-ს სთხოვს უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან, რომლის თავმჯდომარედაც საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს, მოადგილედ კი- სოფო ჯაფარიძეს:

„სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით, პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად, ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.

სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება“, — ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და უახლოეს დღეებში „რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადატყდეს“. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „არა რუსულ კანონს” და “არა რუსულ რეჟიმს” განუყოფელი ლოზუნგებია.

„ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი