ახალი ამბები

„წყლის დალევაც კი უჭირდა“ – რა თქვა სააკაშვილის ნევროლოგმა სასამართლოზე

29 დეკემბერი, 2022 • 1372
„წყლის დალევაც კი უჭირდა“ – რა თქვა სააკაშვილის ნევროლოგმა სასამართლოზე

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება/გათავისუფლების საქმეზე ექიმი ნევროლოგი თამარ აბაშიძე გამოიკითხა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მუშაობს.

ექიმი სასამართლო სხდომაზე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრადაა გაუარესებული, განსაკუთრებით აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული. მისი თქმით, პაციენტს აღენიშნება წონის „კატასტროფული კლება“ და „მთელი რიგი“ ნევროლოგიური დარღვევები.

თამარ აბაშიძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველად გასული წლის 31 დეკემბერს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გასინჯა, შემდეგი შეხება კი მასთან 2022 წლის 12 მაისს ჰქონდა, როცა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ კვლევებისა და შემდგომი მკურნალობისთვის გადაიყვანეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუარესებული იყო, რაც გამოიხატებოდა საერთო სისუსტეში და სახეზე იყო საკვების მიღების სრული გაძნელება, რასაც თან ახლდა უმადობა, წონაში კლება და ნევროლოგიური დარღვევები.

„საერთოდ ვერ იღებდა საკვებს, წყლის მიღებაც კი გაძნელებული იყო, აღენიშნებოდა მკვეთრი საერთო სისუსტე, შფოთვა. როგორც თვითონ აღწერდა, იყო გონების კარგვის ეპიზოდები, ყურადღების დეფიციტი…“ – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, 25 მაისს მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვის ეპიზოდიც ჰქონდა. ამას სამედიცინო ენაზე სინკოპე კოლაფსია ეწოდება და ძირითადად წნევის სწრაფ ვარდნასთანაა დაკავშირებული, როდესაც ღამით ადამიანს ეღვიძება, სააბაზანოში გადის და იქ გონებას კარგავს.

ექიმი ნევროლოგი აღნიშნავს, რომ სწორედ მისი რეკომენდაციით ჩაუტარდა საწყის ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლაზე გამოკვლევები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი არა რაიმე კონკრეტული სიმპტომები, არამედ დიაგნოზიდან გამომდინარე დამატებითი გამოკვლევის საჭიროება იყო.

აბაშიძემ განაცხადა, რომ პირადად მან სააკაშვილს 2 დიაგნოზი დაუსვა:

  • პოლინეიროპათია (ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით. დაავადება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით ან ინტოქსიკაციით)
  • ენცეფალოპათია (თავის ტვინის დიფუზური დაზიანება)

“თუნდაც ეს გონების კარგვის ეპიზოდი, რადგან ტოვებდა კითხვის ნიშნებს, რეალური ხელმოსაჭიდი მისი მდგომარეობის ასახსნელად, გარდა იმისა, რაზეც გესაუბრეთ… სერიოზული მიზეზი ვერ ვნახეთ. არ ვკმაყოფილდებოდით ერთი მიღწეული შედეგით და ვცდილობდით მეტი გვენახა, ხომ არაფერი რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. რა თქმა უნდა, იყო ეჭვი, ზოგადად, თუნდაც ინტოქსიკაციაზე, თუნდაც სისტემურ ავტოიმუნურ და სხვა მდგომარეობებზე და ამაზე მინდოდა პასუხი მომეძებნა და ამიტომ იყო რეკომენდაცია გაცემული [მათ შორის მძიმე მეტალების კვლევაზე]“, – აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის დასაწყისში. მანამდე ნევროლოგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს გაუმჯობესება აღენიშნებოდა, როგორც ნევროლოგიურად, ასევე ემოციურად, და ეს ლაბორატორიულ მონაცემებშიც ისახებოდა, თუმცა აგვისტოს ბოლოდან ვითარება კვლავ დამძიმდა და უარყოფითი დინამიკა წამოვიდა:

„ბოლო თვეების განმავლობაში არის უფრო გამოხატული უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით, თუმცა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული. სტაბილურია, პათოლოგიური ცვლილებები მკვეთრად გამოხატული ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევებით არ გვაქვს“. – აცხადებს თამარ აბაშიძე.

მისი თქმით, სააკაშვილს პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათიის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა, დაუზუსტებელი ეტიოლოგიის. ექიმის თქმით, მსჯავრდებული ამ დრომდე ვერ იღებს საკვებს. ნევროლოგი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ დაუსვეს, თავისუფლების აღკვეთასთანაა შეჭიდული, თუმცა ეს დიაგნოზი თავად არ დაუსვამს, რადგანაც მის სპეციალიზაციას სცილდება.

მისი თქმით, სააკაშვილს, მის მიერ დასმულ დიაგნოზებთან ერთად, აქვს თალასემია, იყო ანემიის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ეპიზოდები, რომელთა სტაბილიზებაც გარკვეულ ეტაპზე მიიღწევა, მაგრამ შემდგომ კვლავ იცვლება ხოლმე. ამასთან, ექიმი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფია თავსა და ხერხემალზე, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ნეირომიოგრაფია და ა.შ.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინსტრუმენტული კვლევებით სტაბილური მდგომარეობისა, ნევროლოგიურად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მძიმე პაციენტად რჩება და დადებითი შედეგის მიღწევა ფსიქო-ნეირორეაბილიტაციის დაწყების გარეშე, რომელიც პაციენტს ამ დრომდე არ გაუვლია, ვერ მოხდება. მისი თქმით, პაციენტის ემოციური მდგომარეობა, საკვების მიღების გაძნელება და  წონაში მკვეთრი კლება ნაწილია იმ ფაქტორებისა, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება:

რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტებმა დაუსვეს, თამარ აბაშიძე აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან სააკაშვილის მდგომარეობას ენცეფალოპათიის დიაგნოზი უფრო შეესაბამება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დიაგნოზი ყველა იმ სიმპტომს მოიცავს, რაც დემენციას ახასიათებს.

მისი თქმით, ამ დიაგნოზების გახანგრძლივებამ მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს დემენციისთვის დამახასიათებელი უფრო მკვეთრი ნიშან-თვისებები.

რაც შეეხება ტემპერატურულ ცვლილებებს, ექიმი აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ენცეფალოპათიის გამოვლინება, თუმცა დადასტურებული არ არის:

„ტემპერატურას აქვს ტალღისებური ხასიათი, 38, მეტიც ყოფილა, 37.2 … ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით ამის მიზეზი მიკვლეული არ იქნება, სომატური მიზეზი ცხელების დადგენილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ცენტრალური წარმოშობის ტემპერატურები, როდესაც არის ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები, თუმცა ამის მტკიცებით ხასიათში თქმა…“, – ამბობს თამარ აბაშიძე და ადასტურებს, რომ წონის კლების პარალელურად ბოლო თვეებია სააკაშვილს პერმანენტულად აქვს სიცხეები.

რაც შეეხება წონაში კლებას, ექიმი ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში უარყოფითი დინამიკა მართლაც თვალშისაცემია:

„შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა, თითოეული ლუკმის მიღება იყო ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი და მისგანაც, სხვათა შორის, ნამდვილად იყო სურვილი, რომ დაეწყო საკვების მიღება. თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა პროცესი, დაიწყო საკვების მიღება მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მცირე რაოდენობით. შემდგომ უკვე საკვების მიღების გაძნელება ისევ დაიწყო, ამას დაერთო მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონი, შფოთვა, მოუსვენრობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკაც. ვფიქრობ, საკვების მიღების ასეთი ფორმატი არის დაკავშირებული წონის კლებასთან“, – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, მის მიერ დასმულ პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათიის დიაგნოზები ლეტალურ გამოსავალთან ახლოს არ არის, თუმცა მდგომარეობის მკვეთრად დამძიმება უდავოდ შეუძლია:

„საკვების მიღების დაწყებისთვის არის საჭირო ფსიქოლოგის აქტიური ჩარევა, აქ არის გახანგრძლივებული დეპრესიის სინდრომი დასმული ჩვენი მოწვეული ფსიქიატრის მიერ, რასაც ეთანხმებიან ექსპერტები, მე რამდენადაც ვიცი. ეს დიაგნოზიც არის ხელის შემშლელი გამოჯანმრთელების დაწყებისთვის, იგივე ის გარემო, რომელშიც არის. ორი თვეა, რაც ასეთი კატასტროფული კლებაა წონაში, მანამდე ასე არ იყო, ორი თვეა, რაც თვალშისაცემია“, – ამბობს თამარ აბაშიძე.

ამავე თემაზე

ვივამედის ექიმი ვერ პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობის მართვა ამ კლინიკაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი