ახალი ამბები

ნადირაძე სააკაშვილის კახექსიის დიაგნოზს ადასტურებს

3 თებერვალი, 2023 • 1351
ნადირაძე სააკაშვილის კახექსიის დიაგნოზს ადასტურებს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეზე დღეს, 3 თებერვალს, სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს.

ნადირაძემ დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლაც აქვს კახექსიის დიაგნოზი, თუმცა საკუთარ კლინიკაში დასაქმებულ ექიმებზე დაყრდნობით უარყოფს მალაბსორბციას და საკვები ნივთიერებების შეწოვის პრობლემას.

ნადირაძე სასამართლოზე აცხადებს, რომ სააკაშვილი „რასაც ჭამს, იმას ირგებს“ და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს მის გარემოცვას პატიმრისთვის არასათანადო კალორაჟის შემცველი საკვების პაციენტისთვის მიწოდებაში:

„500 კილოკალორიაზე რომ არის ადამიანი, რომელმაც, ყველაზე მცირე, 1500 კალორიაზე მეტი უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, ბოლოს დაემატა კახექსიის დიაგნოზი. მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ექიმები კატეგორიულად უარყოფენ მალაბსორბციას და შეწოვის პრობელმას. რასაც ჭამს პაციენტი, იმას ირგებს.

მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს. ყოველდღე რომ შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი და ოთხი ცალი სალათის ფოთოლი, დადებით შედეგს ვერ მიიღებ“, – ამბობს ნადირაძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზში აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ცვლილებები და ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მათ შორის, ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული დასრესილი ნიორი, შილაფლავი სოკოთი და ა.შ. არცერთ გაიდლაინში არ წერია.

ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ „ვივამედის“ ენდოკრინოლოგმა რამდენჯერმე განუმარტა მიხეილ სააკაშვილის მხარეს, თუ რა კალორაჟის და რომელი პროდუქტი რა რაოდენობითაა საჭირო:

„მე ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ვიღებ ინფორმაციას. პაციენტი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს ექიმების გადაწყვეტილებებს, შერჩევითად იღებს მედიკამენტებს. ყველაზე დიდ პრობლემად რჩება კვების პრობლემა და კვებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მე პირადად არც ერთხელ დამიხევია უკან, ხშირად ავდიოდი ბატონ მიხეილთან, როდესაც ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ მის ნათქვამს ყურად არ იღებდა. მე პაციენტისთვის ბევრჯერ ამიხსნია, რამხელა რისკის ქვეშ დგება, როცა ასეთ მცირე კალორაჟს იღებს“, – ამბობს ნინო ნადირაძე.

მისი თქმით, როდესაც დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის პარენტერალურ კვებაზე გადაყვანის საკითხი დადგა, პაციენტმა განაცხადა, რომ სხვა ექიმების უფრო სჯერა, რომლებიც ამის რეკომენდაციას არ აძლევენ. ნადირაძის თქმით, აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა სთხოვა იმ პირებს, რომლებიც მას არ აძლევდნენ აღნიშნული პროცედურის ჩატარების რეკომენდაციას, წერილობით განემარტათ ეს საკითხი და ხელმოწერით დაედასტურებინათ საკუთარი მოსაზრება, თუმცა ეს არ მომხდარა.

ამასთან, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც პაციენტის წონის ინდექსი თვალსაჩინო კლებისკენ წავიდა და სააკაშვილს პარენტერალური კვება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა, სთხოვეს, უარი დაედასტურებინა შესაბამის ბლანკზე ხელმოწერით. ნადირაძის თქმით, პაციენტი კარგად იცნობს საქართველოს კანონმდებლობას და ხელმოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნადირაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მკურნალობაზე უარს გიცხადებს, უფლება არ გაქვს, პაციენტი კლინიკაში გააჩერო, ეს კი შესაძლოა, მკურნალობაზე უარის თქმად შეფასებულიყო.

ნინო ნადირაძე კვლავ ადანაშაულებს სააკაშვილის მხარეს პაციენტის სუიციდის ხელშეწყობაში და ამბობს, რომ ცენტრ „ემპათიის“ მიზნები კლინიკის მიზნებისგან რადიკალურად განსხვავებულია:

„ჩვენ გვინდა პაციენტი იყოს კარგად. მე ყოველთვის ვრჩები ექიმად, ჩემი პერსონალი ყოველთვის რჩება სამედიცინო მრწამსის, ეთიკის მხარეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელი, თუმცა ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას“, – ამბობს ნადირაძე.

მისი თქმით, „ვივამედში“ ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა არც კრიტიკულად და არც სუბკრიტიკულად შეფასებული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის საკითხს, ნადირაძე აცხადებს, რომ ამის სურვილი თავად პაციენტს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარამეტრები ამის საჭიროებას არ ითვალისწინებდა.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს განუმარტეს, რომ რეანიმაციაში მას ვერც დედა და ვერც ადვოკატი ვერ მოინახულებდა, თავადვე გადაიფიქრა.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი