საზოგადოება

რას ჰყვება ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელმაც სააკაშვილზე დასკვნა შეადგინა [ვრცლად]

30 დეკემბერი, 2022 • 1479
რას ჰყვება ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელმაც სააკაშვილზე დასკვნა შეადგინა [ვრცლად]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი განიხილება, დღეს, 29 დეკემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი.

მას შეკითხვებს უსვამდნენ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლები. გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დევიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამედიცინო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია. როგორც თავად წარადგინა პროცესზე, იგი კლინიკურ პრაქტიკას ეწევა ტოქსიკოლოგიასა და ადიქტოლოგიაში.

როგორც თავად აცხადებს, ამჟამად არის 4 სამედიცინო პროგრამის დირექტორი ადიქტოლოგიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, ასევე აშშ-ის სამედიცინო ადიქტოლოგიის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, 300 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რედაქტორი და თანარედაქტორი და 27 წიგნის ავტორი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებებს განიცდის ტვინი.

რაც შეეხება სააკაშვილს, სმიტის თქმით, დასკვნის მომზადების პროცესში შეისწავლა მისი სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, მათ შორის თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. ასევე გაეცნო 170-გვერდიან დასკვნას.

რა გარემოებებზე საუბრობს სმიტი

ტოქსიკოლოგის განცხადებით, სააკაშვილი სხვადასხვა მეტალის ზემოქმედების შედეგად მოიწამლა, რის ფონზეც განუვითარდა პროგრესირებადი დემენცია.

გამოკითხვის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ამ მომწამვლელ მეტალებს შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი.

ის ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტი ტოქსიკური ნივთიერებებით ციხეში ყოფნის პერიოდში, მიმდინარე წლის მარტში მოიწამლა.

მოწმის სახით გამოკითხვისას სმიტმა ასევე განაცხადა, რომ შესაბამისი მკურნალობის გარეშე არსებობს სააკაშვილის სიკვდილის ან “ჯანმრთელობის სერიოზული, სწრაფი და შეუქცევადი გაუარესების გარდაუვალი რისკები”, მათ შორის საფრთხე, რომ ექსპრეზიდენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გახდეს.

“მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც არის თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანება და აქვს კუნთების განლევაც. მას გააჩნია ასევე [დაზიანებები] საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას, შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შედეგად მისი სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულია[…]

მას სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია… იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, სადაც შესაძლებელია სპეციალური მკურნალობა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციისას, შესაბამისად, ის უნდა გადაიყვანონ ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში და აშშ-ში ჩვენ ასეთი დაწესებულებები გვაქვს”, – განაცხადა სმიტმა.

გამოკითხვისას სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სმიტს შეკითხვები დაუსვა შესაბამის კვლევებთან დაკავშირებითაც, რითიც მისი ინტოქსიკაცია უნდა განესაზღვრათ. კერძოდ ხაჭაპურიძემ მოწმეს ჰკითხა, იყო თუ არა დაგვიანებული კვლევები, რომელიც მას კლინიკა “ვივამედში” ყოფნის პერიოდში გაუკეთეს.

ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილმა გონება პირველად პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, 2022 წლის 5 მაისს დაკარგა, შემდეგ- 11 მაისს, 12 მაისს კი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს, ხოლო სისხლის ანალიზი გონების დაკარგვის პირველი ეპიზოდიდან 26 დღის შემდეგ, 31 მაისს ჩაუტარდა.

სმიტის შეფასებით პირველი სიმპტომების გამოვლინებიდან 26-ე დღეს სისხლის ანალიზების აღება დაგვიანებულია, რადგან მძიმე მეტალები სისხლიდან ძალიან სწრაფად ქრება, რის გამოც ტოქსიკოლოგიაში გამოიყენება სხვა მეთოდები, როგორიცაა თმის ნიმუშის კვლევა.

“მძიმე მეტალები სისხლის ნაკადიდან ძალიან სწრაფად ქრება. ამიტომ ვიყენებთ ხოლმე თმის კვლევას, რომ დავადგინოთ მეტალების არსებობა[…]

მედიცინის პრინციპების მიხედვით მარტო ლაბორატორიული ტესტი არ იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას. იმისთვის, რომ შესაბამისი დიაგნოზი დაისვას, ლაბორატორიული ტესტები პათოლოგიურ გამოვლინებებს უნდა დავუკავშიროთ. მაგალითად, ტოქსიკური მეტალის ცალკე აღებული დოზა, დაბალი კონცენტრაციის პირობებში, არ იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს.

იმისთვის, რომ კონცენტრაცია დაუკავშირდეს პათოლოგიურ ცვლილებებს, საჭირო იყო ტესტი ჩატარებულიყო სწრაფად და არა 26 დღის დაგვიანებით და თუ ეს ასე არ მოხდა, საჭირო იყო სხვა ქსოვილის გამოკვლევაც, მაგალითად, თმის”, – განმარტა ტოქსიკოლოგმა.

ხაჭაპურიძის შეკითხვაზე, მეტყველებს თუ არა 26 დღით “დაგვიანებულ” ანალიზებში გამოვლენილი დარღვევები იმაზე, რომ სააკაშვილი “ძალიან დიდი დოზით მოიწამლა და დაგვიანებულმა და არასწორმა კვლევამ კვალი შეასუსტა, თუმცა მთლიანად არ წაშალა”, სმიტმა დადებითად უპასუხა.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, 2022 წლის 30 ნოემბერს ჩატარებულ თმისა და ფრჩხილების ტოქსიკოლოგიური კვლევების მიხედვით, ექსპრეზიდენტის ორგანიზმში კვლავ აღმოჩნდა ისეთი მძიმე მეტალების ნორმაზე მაღალი დოზები, როგორიცაა ბარიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა. ექსპრეზიდენტის ადვოკატის შეკითხვაზე, თუ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, სმიტმა უპასუხა:

“ვვარაუდობ, რომ იმდენად მაღალი იყო ტოქსიკური აგენტების დოზა, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი, თქვენ მიერ ნახსენებ ქსოვილებში კონცენტრაცია აღმოჩნდა ნორმალურ დონეზე მაღლა, ანუ მას ჰქონდა ტოქსიკური კონცენტრაცია”.

ხაჭაპურიძის ბოლო შეკითხვას, არის თუ არა დაკავშირებული ცენტრ ემპათიის დასკვნაში აღნიშნული “დაუზუსტებელი დემენცია” კავშირში მეტალებით მოწამვლასთან, სმიტმა ასევე დადებითად უპასუხა.

რა ჰკითხეს სმიტს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა და რა უპასუხა მან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შეკითხვების შემდეგ სმიტის გამოკითხვა გააგრძელეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა. მათი შეკითხვები თავდაპირველად შეეხებოდა ბიუროკრატიულ საკითხებს, თუ ვინ სთხოვა მას სააკაშვილის საკითხზე დასკვნის მომზადება, წერილობით გააკეთა ეს თუ არა და.ა.შ. ასევე რატომ მიიჩნევს სმიტი შეუძლებლად სააკაშვილის საქართველოში განკურნებას და რომელი ლაბორატორიის შედეგებს ეყრდნობოდა დასკვნის დაწერისას.

სმიტის თქმით, დასკვნის შედგენისას ის ეყრდნობოდა NMS ლაბორატორიასა [კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში სპეციალიზებული დამოუკიდებელი ლაბორატორია აშშ-ში] და “ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის” მიერ ჩატარებულ კვლევებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, სმიტი საკუთარ დასკვნაში ძირითადად ორი მეტალით – ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამვლის შესახებ საუბრობდა. თუმცა, მათი თქმით, ექსპრეზიდენტის ორგანიზმში დარიშხანის ზედმეტი დოზის შესახებ ამერიკული ლაბორატორიიდან მიღებულ პასუხებში საუბარი არ არის.

ისინი სთხოვდნენ სმიტს დაეკონკრეტებინა, თუ რომელ ლაბორატორიულ კვლევას ეყრდნობა, როდესაც საუბრობდა, რომ სააკაშვილი სხვა მძიმე მეტალებთან ერთად დარიშხანითაც არის მოწამლული, რაზეც ტოქსიკოლოგს ცალსახა პასუხი არ გაუცია, თუმცა დაადასტურა, რომ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზებში ვერცხლისწყალი ამოვიდა და არა დარიშხანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მან მისი ოპონენტები მანიპულაციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტს კვლევა, რომელშიც დარიშხანი ამოვიდა, “ლაბორატორია მრჩეველში”, ლიმბახში ჩაუტარეს, რომლის პასუხებიც ამერიკელ ტოქსიკოლოგს გადასცეს შესაფასებლად. რაც შეეხება აშშ-ში ჩატარებულ კვლევებს, ხაჭაპურიძის თქმით, იქ ჩატარებულ კვლევებში დარიშხანი არ აღმოუჩენიათ. ამერიკელი ექსპერტის თქმით, დარიშხანი ორგანიზმიდან უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ვერცხლისწყალი.

რაც შეეხება ვერცხლისწყალს, სმიტის თქმით, სააკაშვილის თმის ნიმუშში აღმოჩენილი ვერცხლისწყალი დასაშვებ ნორმას 50%-ით აღემატებოდა.

“[დასკვნაში] ძირითადად აქცენტი მქონდა გაკეთებული ვერცხლისწყალზე. დარიშხანი ძალიან სწრაფად ქრება [ორგანიზმიდან] მაშინ, როდესაც ვერცხლისწყალი უფრო დიდხანს რჩება…

თითოეულ მეტალს გააჩნია თავისი საკუთარი ტოქსიკურობა. ამ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ რა იქნება კონცენტრაცია დარიშხანის, მას ყველა სხვა მეტალთან ერთად შეაქვს წვლილი საერთო სურათში. ანუ ცალკე ყველა სხვა მეტალის ტოქსიკურობის განხილვის მიდგომას ვაკრიტიკებ, რადგან ეს მეტალები ერთობლივად იწვევენ ტოქსიკურ ეფექტს”, – განმარტა სმიტმა.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის შეკითხვას, თუ რატომ მიაჩნია სმიტს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა შეუძლებლად, მან განმარტა, რომ მსგავს ინტოქსიკაციას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა და როგორც სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატისგან ფლობს ინფორმაციას, “ასეთი კომპლექსური სამედიცინო მკურნალობა და პროცედურების შესაძლებლობა საქართველოში არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი