ახალი ამბები

“რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია – DRI

12 იანვარი, 2024 • 1181
“რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) დაუშვებლად მიიჩნევს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა რომელიც გამორიცხავს მსგავსი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის ზომად თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება პროგრესულ ევროპულ მიდგომებს და ცვლილებებს არ საჭიროებს.

“ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადებას თებერვალში წარადგენენ. DRI-ში კი ვარაუდობენ, რომ წინადადებამ, შესაძლოა, მოიცვას “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”, რასაც მმართველი პარტია აქამდეც განიხილავდა.

ორგანიზაცია პასუხობს “ქართული ოცნების” არგუმენტს, რომ მსგავსი ქმედებები ევროპულ ქვეყნებშიც კრიმინალიზებულია. DRI-ს განცხადებით, ეს პრაქტიკა მხოლოდ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშია და იქაც “მკვდარ” ნორმად ითვლება.

“მსგავსი ინიციატივების ავტორები, როგორც წარსულში, ამჟამადაც მიუთითებენ, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ნორმები, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ადეკვატურად შეფასდეს ის კონტექსტი და დინამიკა, თუ როგორ ხდება ამ ნორმების პრაქტიკაში გამოყენება.

ევროპის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობაში მართლაც არსებობს ნორმები, რომლებიც მკრეხელობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნორმები თითქმის არ მოქმედებს და სულ უფრო მცირდება შემთხვევები, როდესაც სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებას, მსგავსი ქმედების ჩამდენი პირები დამნაშავედ ცნონ”, –  ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონმდებლობის გამკაცრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანმაშვილმა 10 იანვარს დააანონსა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ არ დაუშვან რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება.


ოხანაშვილმა ეს ინიციატივა მას შემდეგ გაახმიანა, რაც სამების საკათედრო ტაძარში, ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა. 

10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.

11 იანვარს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, “ცვლილებებს გეგმავენ”. მათ ხატის შემწირველს, პრორუსული პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, დავით თარხან მოურავს შესთავაზა თავად შეიტანოს ცვლილებები ხატში, ან ამას საპატრიარქო გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი