ახალი ამბები

ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

10 იანვარი, 2024 • 4856
ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა.

როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები არ წყდება მას შემდეგ, რაც 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.

ნატა ფერაძის თქმით, მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის მესიჯები, რომლებიც მიიღო. მისი თქმით, პოლიციის გამოძახების შემდეგ განყოფილებაში წაიყვანეს.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს გაარკვიოს, დაიწყო თუ არა გამოძიება მუქარაზე ნატა ფერაძის მიმართვის შემდეგ.


სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.

სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ  “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი