ახალი ამბებისაზოგადოება

ჩემს სახლთან ახლოს მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ – ნატა ფერაძე

10 იანვარი, 2024 • 4032
ჩემს სახლთან ახლოს მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ – ნატა ფერაძე

“ჩემგან წასულ რამდენიმე მეგობარ აქტივისტს ქუჩაში დაესხა თავს ალტ-ინფო. პოლიციამ დაიცვა. ნუ მოხვალთ ჩემთან, უბანში დგანან, ეტყობა ჩასაფრებული”, – წერს აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.

ინციდენტი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები იშლებოდნენ.  ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც თავს დაესხნენ, მედიასთან ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“მოვდიოდი მეგობრებთან ერთად. იდგა კონკრეტული ჯგუფი, არც ვიცოდი თავიდან, ალტ-ინფოელები იყვნენ თუ ვინ იყვნენ. გავცდით. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოვბრუნდი, ვკითხე, ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს აქტივისტი “მთავარ არხთან” საუბარში. 

როგორც ახალგაზრდები ჰყვებიან, მათთან მალევე მივიდა პოლიცია. 

ნეტგაზეთი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, მათგან დადასტურებული ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.


  • ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა და მხარდამჭერებმა ტერიტორია 16:00 საათის შემდეგ დატოვეს. მანამდე მათ პოლიციამ მოუწოდა, არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს.
  • პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ, 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
  • როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მისამართით მუქარები არ წყდება. ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით წუხელ პოლიციასაც მიმართა. მან საპატრულო პოლიციას გააცნო  მუქარის მესიჯები. 
  • სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები 9 იანვარს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.
  • ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ  გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] დაიწყო. 

მთავარ ფოტოზე: კადრები ინციდენტის დროს გადაღებული ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი