საზოგადოება

ალტ-ინფოს წევრები ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ, მობილიზებულია პოლიციაც

10 იანვარი, 2024 • 1871
ალტ-ინფოს წევრები ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ,  მობილიზებულია პოლიციაც

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები სამოქალაქო აქტვისტის, ნატა ფერაძის სახლისკენ მიდიან.

ამის შესახებ ინფორმაცია და მათი მსვლელობის კადრები თავად ალტ-ინფომ გაავრცელა.

როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, ალტ-ინფოელების მსვლელობის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც. ამ დროისთვის ნატა ფერაძის სახლთან მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.


ალტ-ინფომ ნატა ფერაძის სახლთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა,  რაც გუშინ, 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მისამართით მუქარები არ წყდება. ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით წუხელ პოლიციასაც მიმართა. მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის მესიჯები, რომელიც მიიღო. მისი თქმით, პოლიციის გამოძახების შემდეგ ის განყოფილებაში წაიყვანეს.


სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.

სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი