ახალი ამბებიკომენტარი

სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობას – DRI

17 აპრილი, 2024 • 465
სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობას – DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმაურება 16 აპრილს საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევას და აცხადებს, რომ „სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას“ და ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს „კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა“.

„მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით, 22:00 საათისთვის დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება. მოგვიანებით, 00:30 საათისთვის, შსს-მ წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს. სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია განცხადებაში ხაზს უსვამს ფაქტსაც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებისა და მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფის პარალელურად, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც. აღნიშნულია, რომ დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, აქციის მონაწილეები „არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები“.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას და, მეორე მხრივ, დემონსტრანტებს, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალით და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტია, რომლებიც აქციაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება“, – ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 აპრილს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი