საზოგადოება

ხატი სტალინის გამოსახულებით სამებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა შესწირა

8 იანვარი, 2024 • 1339
ხატი სტალინის გამოსახულებით სამებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა შესწირა

ცნობილი ხდება, რომ ხატი, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული და სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული, ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით-თარხან მოურავმა შესწირა. 

საუბარია სამების საკათედრო ტაძარში ერთ-ერთ ხატზე, რომელიც წმინდა მატრონა მოსკოველს ასახავს და მასზე სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ 7 იანვარს გავრცელდა და დისკუსიის თემა გახდა, რის გამოც თემას პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გამოეხმაურა, საპატრიარქომ კი განმარტება გაავრცელა. 

“სამების საკათედრო ტაძარში არის წმინდა დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები. ერთ-ერთი ფრაგმენტი ეს არის, როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან”, – ამბობს თარხან-მოურავი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში, – “დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, რა ვქნათ, წმინდა გიორგის ხატები მოვხსნათ?”

დიოკლეტიანეს მაგალითი მოჰყავს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესაც, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ამ თემის კომენტირებისას.

“ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ. ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის”, – ამბობს ჯაღმაიძე. 

დავით თარხან-მოურავი იმასაც აღნიშნავს, რომ სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრა აღწერილია “მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც ფაქტის თვითმხილველი იყო”, როცა იოსებ სტალინმა, თარხან-მოურავის თქმით, თავი დაიმდაბლა, წმინდა მატრონასთან მივიდა და მეორე მსოფლიო ომის ბედი ჰკითხა.

“ხატზე გამოხატვა სტალინის არც დანაშაულია და არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ეს ფაქტი [სტალინის და მატრონას შეხვედრა] ნამდვილად მოხდა და დაიმდაბლა ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი”, – ამბობს თარხან-მოურავი.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრას დიდი სამამულო ომის შესახებ “მართლმადიდებლურ მითებში” მოიხსენიებს. ცენტრის ცნობით, მითი სათავეს იღებს წიგნიდან „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“, რომელიც მოსკოვში 1998 წელს გამოიცა. წიგნის მიხედვით,  „უტყუარი ფაქტია ი.ბ. სტალინის მისვლა ნეტარ მატრონასთან ცარიცინოში 1941 წლის ოქტომბერში“. თუმცა  ცენტრი დასძენს, რომ არავითარი ისტორიული ცნობა ამას არ ადასტურებს.

როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ შობის სიხარული წაართვან ხალხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი