საზოგადოება

საპატრიარქოს განცხადებით, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ

11 იანვარი, 2024 • 6367
საპატრიარქოს განცხადებით, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ

საქართველოს საპატრიარქო „ცვლილებების შეტანას“ გეგმავს სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატში. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება დღეს, 11 იანვარს, გაავრცელა.

საპატრიარქოს განცხადებით, ამის მიზეზი წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

„წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.

9 იანვარს, ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა. 10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი