შეიქმნა პეტიცია სამების საკათედრო ტაძრიდან ხატის გასატანად, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული. მოქალაქეები, რომლებიც განცხადებაზე ხელს აწერენ, მიიჩნევენ, რომ საბჭოთა დიქტატორის გამოსახულებიანი ხატი სამების ტაძარში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შეურაცხყოფაა.
“სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიები, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი, ისევე როგორც ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია!
ეს ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული ჩვენი ათასობით თანამემულის ხსოვნას. ასევე, ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც სტალინური რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახების შეურაცხყოფად. გარდა ამისა, ეს არის იმ იდეის უგულებელყოფა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი მერაბ კოსტავა!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პეტიციაში ყურადღება გამახვილებულია ამ ხატის წარმომავლობაზეც.
“სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეთში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტი, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
აღინიშნებოდა, რომ სტალინის ე.წ. სტუმრობა მატრონასთან იყო შეთხზული ამბავი, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ გააჩნდა. სრულიად გაუგებარია, თუ რატომ დაუშვეს სამების საკათედრო ტაძრის მესვეურებმა საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა ტაძარში”, – წერენ პეტიციის ავტორები.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.