ახალი ამბები

პრეზიდენტმა პროვოკაციად შეაფასა სტალინის ხატი სამებაში

6 თებერვალი, 2024 • 613
პრეზიდენტმა პროვოკაციად შეაფასა სტალინის ხატი სამებაში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას უსაფრთხოების სფეროს გამოწვევების შესახებ ისაუბრა,

ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ახსენა რუსეთის ომი უკრაინაში და თქვა, რომ მიუხედავად ფრონტზე წარუმატებლობისა (ან სწორედ ამის გამო), რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს. რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უსაფრთხოების სფეროს გამოწვევებს შორის პრეზიდენტმა დაასახელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშარას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება.

„საოკუპაციო ხაზთან კი გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და, ჯამში, გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფე-ეს-ბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინიცაა გამოსახული, მიმდინარე წლის 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ ხატს საღებავი შეასხა, რისთვისაც მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს საპატრიარქომ პროტესტის შემდეგ სტალინის გამოსახულებიანი ხატი „ცვლილებების შეტანის“ მიზნით დაცულ სივრცეში გადაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი