ახალი ამბები

ხატზე სტალინის გამოსახვას პოლონეთის საელჩო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა სტატისტიკით ეხმაურება

10 იანვარი, 2024 • 2418
ხატზე სტალინის გამოსახვას პოლონეთის საელჩო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა სტატისტიკით ეხმაურება

პოლონეთის საელჩო საქართველოში აქვეყნებს იმ მატრონა მოსკოველის ხატის ფრაგმენტს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, ფოტოს კი თან ურთავს სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სტატისტიკას.

“პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.


7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა.მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.გუშინ, 9 იანვარს, ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
ამ წუთებში, ფერაძის სახლთან ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი