ახალი ამბები

სტუდენტები: „ოცნების“ კონტრაქციისას აქტივობები არ გვექნება რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ

28 აპრილი, 2024 •
სტუდენტები: „ოცნების“ კონტრაქციისას აქტივობები არ გვექნება რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ

სტუდენტური მოძრაობებისა და ორგანიზაციების განცხადებით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციის დროს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა არ ექნებათ.

ამის შესახებ მათ დღეს, 28 აპრილს, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ბოლო დღეებში ხშირად გვესმოდა კითხვა, თუ რას ვაპირებთ 29 აპრილს, ქართული ოცნების კონტრაქციის საპასუხოდ. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პასუხი – ერთობა და მშვიდობა, ჩვენ ვმოძრაობთ უძრაობის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენი პროტესტით ვცდილობთ, მივაღწიოთ ისეთ ქვეყანას, რომელიც იქნება ყველასთვის , სადაც ვიცხოვრებთ ყველა ერთად და მშვიდობიანად, რუსული კანონების გარეშე.

ჩვენ, 29 აპრილს, არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანამ სანამ იქ იდგებიან ჩვენი თანამოქალაქეები და სანამ იარსებებს რაიმე სახის კონფლიქტის საფრთხე.

ხელისუფლება, რომელიც მუდმივად საუბრობს მშვიდობაზე, ამ კონტრაქციით, ირჩევს დაპირისპირებისა და პროვოკაციის გზას, რომელიც ასევე აურჩევიათ წინა ხელისუფლებებს, ჩვენ ამ გზას არ მივყვებით, ჩვენ მივყვებით ერთობისა და რეალური მშვიდობის გზას.

ვათვითცნობიერებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობასაც, ვაგრძელებთ მხოლოდ მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს, ბრძოლა გრძელდება“, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობებისა და ორგანიზაციების განცხადებაში.

როგორც სტუდენტური მოძრაობები და ორგანიზაციები აცხადებენ, მათი ბრძოლის მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება თანამოქალაქეებთან რაიმე სახის დაპირისპირება.

მათი თქმით, არ დაუპირისპირდებიან ადამიანებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც აიძულებენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე დგომას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში, ერთ მხარეს დგას მთელი ქართული საზოგადოება და მეორე მხარეს დგას ქართული ოცნების პოლიტიკოსების მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში რუსული კანონების მიღება. ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებთან არაფერი გვაქვს გასაყოფი და პირიქით, უნდა ვიყოთ ერთიანები და ამ ერთიანობით უნდა მივაღწიოთ მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოს.

დღეს დაპირისპირება არის ის, რაც გაახარებს ჩვენს მტერს, რუსეთს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ ჩვენ არ მივმართავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შექმნის დაპირისპირების მცირე შანსსაც კი.ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა და მათ ევალებათ არ მოახდინონ მოქალაქეების რაიმე სახით პროვოცირება. დღეს გვევალება გადავდოთ პოლიტიკური ინტერესები და მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ დაპირისპირებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი.

შევხვდებით დღეს საღამოს რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობაზე, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ბრძოლა მართალია და ჩვენ თავშეკავებით, სიმართლით და მშვიდობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობებისა და ორგანიზაციების განცხადებაში.


ორშაბათს, 29 აპრილს, „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გამართავს.  ამ ადგილზე უკვე მეორე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

აქციის შესახებ განცხადებას მმართველი პარტია ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბონ.  სწორედ 29 აპრილს განიხილება რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი