კომენტარისაზოგადოება

“სტალინის გამოსახულებით ხატი მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია” – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან

8 იანვარი, 2024 • 6432
“სტალინის გამოსახულებით ხატი მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია” – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან

“სტალინის გამოსახულებით ეს ხატი სინამდვილეში ისტორიის რევიზიის შესახებ ძალიან დიდი და მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია”, – აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ხატზე, რომელიც საქართველოში დისკუსიის საგანი გახდა. 

საუბარია შვიდ იანვარს გავრცელებულ  ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ ხატზე, რომელიც წმინდა მატრონა მოსკოველს ასახავს, სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა. თემას გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც დაადასტურა, რომ ტაძარს ხატი სწორედ მან შესწირა. განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.

როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ შობის სიხარული წაართვან ხალხს. სტალინის ხატზე გამოსახვა კი არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.

სტალინის ხატზე გამოსახვის საფუძველსა და წინაპირობებზე ნეტგაზეთი თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.


— როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სტალინის ადგილი ხატებზე ქართულ ეკლესიებში?

ხატები პოლიტიკურ გზავნილებს გადმოსცემს, რომლებიც სახელოვნებო ნიმუშის ფორმით მოგვეწოდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს უქმნის წარმოდგენას ისტორიული მოვლენების შესახებ. სტალინი და სტალინიზმი საქართველოში საფუძვლიანად არ გადააზრებულა. იმ ფონზე, რომ არცთუ მცირე რაოდენობით სტალინისტი გვყავს საქართველოში, კატასტროფაა სტალინის წარმოჩენა ხატებზე. ეს უნდა იყოს კავშირში რუსულ განწყობებთან. ვნახეთ კიდეც, რომ რუსეთის მოკავშირე პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის ხატი შეწირული.

სტალინის რეიტინგი მზარდია პუტინის მმართველობის პერიოდში. თუ მთელი სამყარო ცდილობს, რომ წარსული გადააფასოს, რისი ძალიან კარგი მაგალითიცაა გერმანია, რომელიც საკუთარი ნაცისტური წარსულის გადააზრებას ცდილობს უწყვეტად, ამის საპირისპირო რამ ხდება რუსეთში.

კარგი იქნებოდა, ისტორიაზე წარმოდგენას ვიქმნიდეთ სხვადასხვა წყაროს გაცნობის შემდეგ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ისტორიაზე წარმოდგენას იქმნის თხრობებზე, ნარატივებზე დაყრდნობით. ნარატივის ძალიან ეფექტურად გამოყენება შეუძლია რელიგიას. ტრადიციულ რელიგიებში, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანობაში, ხატები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ნახატებით გადმოსცე ამბავი, თხრობა. სტალინის გამოსახულებით ეს ხატი სინამდვილეში ისტორიის რევიზიის შესახებ ძალიან დიდი და მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია. მიზანი ის კი არაა, რომ ადამიანმა ისტორია გაიაზროს, არამედ მიიღოს ისტორია იმ მოცემულობად, როგორც დაუპროგრამებენ. 

არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი ფაქტი, რომ სტალინი წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა. არსებობს მხოლოდ ერთი, მატრონასთან დაახლოებული პირის ჩანაწერი, საიდანაც დაიწყო ამ მითის განვითარება.

სტალინი და წმინდა მატრონა სამებაში განთავსებულ ხატზე. ფრაგმენტი.

— რამდენად საფუძვლიანია ის განმარტებები, რაც საპატრიარქოს მხრიდან კეთდება, რომ მაგალითად, წმინდა გიორგის ხატებზე ასევე გამოსახულია დიოკლეტიანე, ხატებზე ასახულია სატანაც და სტალინის გამოსახვა ხატზე არ ნიშნავს მის საკრალიზაციას?

ამ ამბებიდან, რასაც ხატებზე ვხედავთ, თითქმის არცერთი ასახავს დადასტურებული ფაქტების შედეგად მიღებულ ინფორმაციას. წმინდა გიორგიზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანის არსებობა არ დასტურდება და ეს სხვადასხვა ქრისტიანი მხედრის კოლექტიური სახეა, რომელმაც დაამარცხა ბოროტება და კარი გაუხსნა ქრისტიანობას. თუმცა ხატებს აქვს თავისი კანონიკა და აქვს საზრისი. საქართველოში ეს ყველაფერი ერთმანეთში აღრეულია.

დიოკლეტიანეს, სატანის, გველეშაპის და სხვა ბოროტების გამოსახვას ხატებზე სრულიად სხვა წესი აქვს. ისინი არიან ყოველთვის ძირს გართხმულნი, რომელთაც ებრძვის სიკეთე. მატრონას ხატის შემთხვევაში რა ხდება? წმინდა მატრონას ხატის ირგვლივ არის მისი ცხოვრების ეპიზოდები, სადაც სტალინი სრულიად პოზიტიურად არის წარმოჩენილი. აქ მას არც არავინ განგმირავს და არავინ ამარცხებს. პირიქით – გამოხატულია დიდი მოცულობით, რომლის უკან მცირე სახით არის წარმოჩენილი მატრონა. 

— იკონოგრაფიის თვალსაზრისით, რა ამბავს გადმოგვცემს და რა მინიშნებებს გვაძლევს მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებით, რაც სამების ტაძარშია?

ცხადია, ხატზე სტალინი არ არის წმინდანად გამოსახული. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ეს ძალიან ცხადი იკონოგრაფია – პატარა მატრონა და დიდი სტალინი არის ეგრეთ წოდებული ტრიგერი, გამღიზიანებელი, დეტონატორი აზროვნების ნაკადისა, რომელიც ძალიან პოპულარულია ბოლოდროინდელ რუსეთში და რომლის შესაქმნელად დიდი რესურსი იხარჯება. იღებენ ფილმებს, წერენ ტექსტებს, რომ სტალინი, სინამდვილეში, მართლმადიდებელი იყო, ბოროტმა ებრაელებმა, ტროცკიმ და სხვებმა მას ხელი შეუშალეს, მაგრამ მათი დამარცხების შემდეგ სტალინს მიეცა შესაძლებლობა დაემყარებინა მართლმადიდებლური მმართველობა, დაამარცხა სატანიზმი ნაციზმის სახით და ა.შ. ესაა ცრუ ნარატივების მთელი კასკადი. ეს ერთი პატარა გამოსახულება სამების ხატზე მორიგი პატარა სტიმულია მათთვის, ვინც ეს ამბები ყურმოკვრით იცის. მერე ამას ტაძარში დაინახავს და ყველა ეს მითიც ავტომატურად სარწმუნო გახდება. რომ თითქოს სტალინი დიქტატორი კი არა, ვაჟკაცი ქართველი, მართლმადიდებელი იყო, რომელმაც სულ არ იცოდა მისი სახელით ჩადენილი ბოროტებების შესახებ და ბევრ რამეს უსამართლოდ აბრალებენ.

სინამდვილეში კი, მან 1943 წელს შემოაბრუნა პოლიტიკა რელიგიასთან მიმართებით, როცა რელიგია დასჭირდა, როგორც რესურსი. როგორც ეს სჭირდება ხოლმე ყველა მთავრობას, საქართველოს მოქმედ და წინა ხელისუფლებას, ან თუნდაც ვასილ მჟავანაძეს. 

ეს შემოტრიალება ორივე მხარეს აწყობდა, სტალინის რეჟიმსაც და ეკლესიასაც, რომელიც განადგურების პირას იყო. ამ მადლიერებას ეკლესია დღემდე გამოხატავს. ჩვენს პატრიარქს უყვარს სტალინი. ეს არის მისი ე.წ. ბიოგრაფიული გამოცდილება, არ ექვემდებარება რაციონალურ განსჯას და ამას ჩვენ ვერ შევუცვლით. ჩვენ ვერ შევაძულებთ პატრიარქს სტალინს.

თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვყავს ახალი თაობა, რომელიც ნაკლებ დროს უთმობს ტექსტს და რომელთა მანიპულირება გამოსახულებებით კიდევ უფრო მარტივია. 

სტალინი იყო ბოროტება და მოუგო მასზე უფრო დიდ ბოროტებას. ამასთან შედავება რთულია. 

ჩემი დისერტაციის ფარგლებში მე ვიკვლევდი კულტურულ-მეხსიერებით კონსტრუქტებს. 

მითოსი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე რაციონალურად გააზრებული ისტორია. მითების ერთობლიობა კი ქმნის კულტურულ მეხსიერებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ქცევას განსაზღვრავს. რელიგია აცოცხლებს ხოლმე ისტორიულ მოვლენებს, ხატებით, რიტუალისტური მექანიზმებით. სტალინი რომ რელიგიური ადამიანი იყო, ერთ-ერთი ასეთი მითია და რა არის მასში რეალობა, ამაზე წინააღმდეგობრივი პასუხები არსებობს. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, გალობდა, იყო ლოტბარი. შემდეგ გამოაცხადა თავი ათეისტად და არასდროს, არცერთ საჯარო გამოსვლაში მას ეს არ უარუყვია და არ მოუნანიებია. 

რელიგიას აქვს დიდი როლი ისტორიულ მეხსიერებასთან მიმართებით. ეს ხატიც იმის მცდელობაა, რომ სტალინი ამ სახით შემოუნახონ ადამიანთა მეხსიერებას. 

— ხატის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში გაიჟღერა თავად მატრონა მოსკოველის ხატის მიზანშეწონილობის თემამაც ქართულ ეკლესიაში. ნამდვილად არის ესეც რუსული გავლენის გამოხატულება საქართველოში?

ქრისტიანული ეკლესია ნაციონალიზმის პრინციპზე ვერ დაფუძნდება, ცხადია. მაგრამ მტრის პროპაგანდასა და საზრისიანობას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს. ერთი მართლმადიდებელი ეკლესია რომ წმინდანად შერაცხავს პირს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდანიც ხდება. მატრონა მოსკოველი არ არის საყოველთაო წმინდანი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის. ის ლოკალური მნიშვნელობის ფიგურაა. დიახ, უნდა დავსვათ კითხვა, საერთოდ რატომ უნდა წარმოაჩენდეს ქვეყნის უპირველესი კათედრალი თავად მატრონა მოსკოველს? მოსკოვი ვართ? რა საერთო აქვს წმინდა მატრონას ჩვენი ეკლესიის გამოცდილებასთან?

— რუსეთში 2008 წელს დაიწერა სხვა ხატი სტალინისა და წმინდა მატრონას გამოსახულებით, რაც რუსეთისვე ეკლესიამ არაკანონიკურად ცნო.

2008 წელს რუსეთში მართლაც გამოჩნდა მართლმადიდებელი სტალინის ხატი. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში მეტი რესურსი აღმოჩნდა მაშინ საიმისოდ, რომ ამას დიდი დისკუსია მოჰყოლოდა და შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რის შედეგადაც ხატი, რომელიც წმინდა მატრონასა და სტალინს ასახავდა, არაკანონიკურად იქნა ცნობილი და სტალინის წმინდანობაზე საუბარმაც უკან დაიხია. რუსეთის პატრიარქი კირილი პირდაპირ არ ამბობს, რომ სტალინი კარგი კაცია. სამაგიეროდ ჩვენი პატრიარქი ამბობს, რომ სიზმრად ზეცაში ხედავს სოსოს [სტალინს]. ქართველი მღვდელი ამბობს, რომ პარაკლისს აღავლენს სტალინის მოსახსენიებლად და სულში სითბო ეღვრება.

ფაქტია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების პარალელურად, რუსეთი ცდილობს თავისი ნარატივების გააქტიურებას და საამისოდ იყენებენ რელიგიას, მათ შორის დიდ რელიგიურ ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას, როგორც ერთ-ერთ უპირველეს პლატფორმას რუსული ნარატივების გასაძლიერებლად. ამდენი ღიად პრორუსი მღვდელი საქართველოს ეკლესიას აქამდე არ ჰყოლია. მათ შორის ახალგაზრდა მღვდლებიც არიან, რომელთაც არ აქვთ კრიტიკული მიდგომა ისტორიის მიმართ, ავრცელებენ მითებსა და რუსულ ნარატივებს საკუთარ მრევლში. ეს მრევლი მიდის შემდეგ და წვავს ევროკავშირის დროშას. იმიტომ, რომ სჯერა, ეს გარყვნილებისა და სატანიზმის სიმბოლოა, რუსეთი კი – ახალი კონსტანტინოპოლი. ეს არის სოციალური ქცევა, რომლის ხილვა სურს რუსეთს და რასაც განსაზღვრავს კულტურულ-მეხსიერებითი კონსტრუქტები. ეს კონსტრუქტები დევს ყველა ჩვენგანში და შეიძლება გაააქტიუროს ბევრმა რამემ, მათ შორის დიდი ხატის შემადგენელმა პატარა ნაწილმაც ქვეყნის მთავარ ტაძარში.

— სად ხედავთ გამოსავალს საზოგადოებაში ამ ტრიგერებისგან და რუსული გავლენებისგან თავის დასაცავად?

გამოსავალი არის ხშირ, სიღრმისეულ, საგნობრივ დისკუსიებში. ძნელია ლოკალურ მეხსიერებასთან შებრძოლება. გორელი კაცი იყო სტალინი, რომელიც რუზველტთან ერთად, ერთ მაგიდასთან იჯდა. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბევრი ქართველისთვის. 

როდესაც ვინმე პირს გააღებს კომუნიზმზე და სტალინზე პოზიტიური რამის სათქმელად, ყველა მზადაა მის გასალანძღად. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ. არის რაღაც ელემენტი, ის, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებლობაში არ გადმოგვყვა და არ განმეორდა. მსგავსი რამ არ მომხდარა დასავლეთში. ეს რაღაც სოციალური სამართლიანობის ელემენტებია, სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია. ევროკავშირი, რომელსაც ჩვენ ვეტრფით და რომელში შესვლაც გვინდა, სოციალ-დემოკრატიაა. უამრავი რეგულაცია არსებობს იმისთვის, რომ ერთმა მეორე არ დაჩაგროს. ჩვენთან ყველას შეუძლია ადამიანის გაჭყლეტა, საცხოვრებლის წართმევა, ვისაც რაღაც ტიპის კაპიტალი გააჩნია. ღარიბ და ჩაგრულ ფენაში დამაჯერებლობა არ ექნება ადამიანს, რომელიც ამას დასაშვებად  მიიჩნევს და ამავე დროს, აკრიტიკებს სტალინს, როგორც დიქტატორს, რომელმაც ხალხი გადაასახლა. ავად თუ კარგად, ასე თუ ისე, სოციალური სამართლიანობის ელემენტები საბჭოთა კავშირში იყო და რაღაც ტიპის სოციალური გარანტიები არსებობდა. საქართველოში ახლა გვაქვს ველური პირობები, სადაც გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო. ამ ფონზე არაა გასაკვირი, რომ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როცა მინიმუმ არ შიოდათ და არ სციოდათ. ამ ფონზე და ამ სენტიმენტებით, მათი მანიპულირება პროპაგანდისტული ნარატივებით, რაც რუსეთს, სტალინს დადებითად წარმოაჩენს, ბევრად მარტივია.

საგნობრივი დისკუსიები უნდა მიდიოდეს სტალინზეც, ლენინზეც, პუტინზეც, ხატწერაზეც და ქრისტიანობაზეც და, რაც მთავარია, სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. მოსახლეობის 46% რომ აღნიშნავს, არცერთი პოლიტიკური ძალა მის ინტერესებს არ გამოხატავს, ეს დიდი კრიზისის მანიშნებელია. არსებობს საზრისების შიმშილი და არ არსებობს მიმწოდებელი. ამას იყენებს რელიგია და იყენებენ რელიგიას ამოფარებული ინტერესთა ჯგუფები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი