ახალი ამბები

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი: “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მთავრობას აკრიტიკებენ

20 მაისი, 2021 • 1859
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი: “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მთავრობას აკრიტიკებენ

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების არდაშვებას ეხმაურებიან.

განცხადებები გაავრცელეს ელენე ხოშტარიას მიერ დაარსებულმა მოძრაბამ “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ შეასრულოს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ ბავშვთა უფლებების მონიტორინგისთვის უკვე კვირებია სახალხო დამცველს არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება სახელმწიფოს გაერომ დაავალდებულა.

მოძრაობა “დროას” განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და პირდაპირ უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

“მაღალი სასულიერო იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაწესებულებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს აფარებს საპატრიარქოს. საბოლოო ჯამში, ასეთ მახინჯ პრაქტიკას ეწირება 60-მდე ბავშვის უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პანსიონი ვერ აკმაყოფილებს მსგავსი დაწესებულების ლიცენზიისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს”, — ნათქვამია მოძროაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა “დროა” მოითხოვს სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ პანსიონში არსებული ბავშვების ბედით სახელმწიფო არ ინტერესდება. თეონა ჭალიძეს მიაჩნია, რომ საკითხზე რეაგირება ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს.

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ არ მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა – დაუყოვნებლივ უზრუნველყონ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. პანსიონში განთავსებულია 56 ბავშვი. როგორც ჩანს, მათი ბედი სახელმწიფოს არ აღელვებს. არათუ არ აღელვებს, არამედ ხელს უწყობს და ფარავს თავისი უმოქმედობითა და გულგრილობით პანსიონში არსებულ სავარაუდო დარღვევის ფაქტებს.

ვიზიარებ სახალხო დამცველის მოწოდებას, ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ასევე გადაიხედოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

მანამდე, 13 მაისს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების გამო „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა,პარლემენტის სხდომაზე პარლამენტი და ოფიციალური უწყებები გააკრიტიკა. ნაცვლიშვლმა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები „საშიშ სახელმწიფოებრივ პრეცედენტად“ შეაფასა. მისი თქმით, გაუგებარია, რას ნიშნავს სახელმწიფოს დუმილი მაშინაც, როდესაც საქართველო გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი თავისი ნებით გახდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადების გაკეთება მოუწია იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ამჟამად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელს, თეა წულუკიანს. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ნინოწმინდაში არსებულ სიტუაციას არ იცნობს, თუმცა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სხვა სახლებში მას არცერთი პრობლემა არ უნახავს. წულუკიანის თქმით, კარგი იქნება, თუ სახახლო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში დაუშვებენ.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. 

გუშინ, 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი ისევ არ შუეშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი