ახალი ამბები

კავკასიური სახლი: “ქართული ოცნების” ამოცანაა, მიიღონ კანონი ჩვენ შესახებ ჩვენი მონაწილეობის გარეშე – ეს არის ძალმომრეობა

25 აპრილი, 2024 • 806
კავკასიური სახლი: “ქართული ოცნების” ამოცანაა, მიიღონ კანონი ჩვენ შესახებ ჩვენი მონაწილეობის გარეშე – ეს არის ძალმომრეობა

“კავკასიური სახლის” შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაა. ისინი პარალელს ავლებენ რუსეთში 2012 წელს მიღებულ მსგავს კანონთან და ამბობენ, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს მოქალაქეთა ინტერესებს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ გახლავთ. მთავარი ამოცანა უცხოეთიდან შემოსული კაპიტალის მიზნობრივი ხარჯვის გაკონტროლება რომ იყოს, ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტა უმტკივნეულოდ შეეძლო. ისინი ან მოქმედ ფინანსურ კანონმდებლობაში შეიტანდნენ ცვლილებებს და ამგვარად დააწესებდნენ ყოველწლიურად დეკლარაციათა შევსების რეგულაციას, ან კანონის შედგენისას ნეიტრალურ, არაშეურცხმყოფელ განსაზღვრებას (მაგალითად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ ნაცვლად „საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“) გამოიყენებდნენ.

„ქართულ ოცნებას“ კანონის საქმიანი განხილვის სურვილი რომ ჰქონოდა, უარს იტყოდა მონოლოგურ რიტორიკასა და დისკრედიტირებულ ძალებთან უსაგნო დისკუსიაზე. მათ შეეძლოთ თუნდაც „კავკასიურ სახლთან“, ან მსგავს ორგანიზაციებთან ერთად დეტალურად განეხილათ კანონის კონცეფციაც და ყველა ძირითადი პუნქტიც. თუმცა ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ჯგუფები დუმილით შეხვდნენ ჩვენს ყველა მცდელობას, წამოგვეწყო ამგვარი განხილვები. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი. მათი ამოცანაა, მიიღონ კანონი ჩვენ შესახებ, ოღონდ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რასაც თავისუფლად  შეგვიძლია ვუწოდოთ – ძალმომრეობა”, – ვკითხულობთ “კავკასიური სახლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მიზანი გამჭვირვალობა რომ იყოს, არ მიღებდა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონს. 

“კავკასიური სახლის” შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობის კიდევ ერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქამდე,”ქართული ოცნების” ავტორიტარული მიდრეკილებების დაბალანსებას დასავლელი პარტნიორები ახერხებდნენ, ამ კანონის მიღებით კი ცდილობენ, “დასავლეთთან ყველა ხიდი გადაწვან”.

“ჩვენს ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის მეთოდი, რომლითაც „ქართული ოცნება“ კრიზისის მოგვარებას ცდილობს: მან ახალგაზრდების მასობრივი გამოსვლების საპირისპიროდ თავის მომხრეთა „საერთო სახალხო“ მობილიზება გამოაცხადა და  29 აპრილს დიდი კონტრდემონსტრაცია დაგეგმა […]

არგუმენტების ძიებას აქციების ორგანიზება არ ჯობს! მერე რა, თუ საჯარო მოხელეებმა მთელი დღე მგზავრობასა და ფეხზე დგომაში უნდა გაატარონ!  ხოლო ისედაც ბიზნესსექტორად გადაქცეული, უხარისხო განათლების მსხვერპლმა ახალგაზრდებმა ამდენი ენერგია  საპროტესტო აქციებს შეალიონ! საკუთარ ხალხთან დიალოგის ნაცვლად მსგავსი პოლიტიკური ილეთების გამოყენება ჩვენს უახლეს ისტორიაში ყოველთვის სავალალოდ სრულდებოდა”,- აცხადებენ კავკასიურ სახლში.

ამავე თემაზე:

2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი