ახალი ამბები

საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი ისევ არ შუეშვეს

19 მაისი, 2021 • 1263
საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი ისევ არ შუეშვეს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

სახალხო დამცველო უკვე თვეზე მეტია, რაც ბაშვების მდგომარეობის შესწავლას ცდილობს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა.

მანამდე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაავალდებულა სახელმწიფო, მონიტორინგი უზრუნველეყო.

„19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან.

ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

„ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა(თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ ის მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ.

ასევე, აპარატში დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი