ახალი ამბები

„EU-ს კარი დიდი ხნით დაიკეტება“ — პარტიები რუსულ კანონზე

5 აპრილი, 2024 • 685
„EU-ს კარი დიდი ხნით დაიკეტება“ — პარტიები რუსულ კანონზე

7 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მმართველი პარტიის რუსულ კანონის ხელახლა ინიციირებას გმობს. მათი შეფასებით, ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპული გზის ღალატია.

“ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

დღეს ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან”, — ვკითხულობთ პარტიების მიერ დღეს, 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიების თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც მოიტანს „მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია.”

“ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება“, — აცხადებენ პარტიები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • „ახალი“;
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“;
  • „დროა“;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ლელო საქართველოსთვის“;
  • „რესპუბლიკური პარტია“;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“.

მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, “რუსული კანონის” მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე “ქართული ოცნება” იდენტურ კანონპროექტს აინიციირებს.

3 აპრილს, პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად, ახლა მათი სამიზნე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი