ახალი ამბები

დეკანოზის თქმით, წარსულში ყოფილა ნინოწმინდის პანსიონში პედაგოგების მხრიდან “მკაცრი საქციელი”, თუმცა ახლა – აღარ

11 მაისი, 2021 • 2395
დეკანოზის თქმით, წარსულში ყოფილა ნინოწმინდის პანსიონში პედაგოგების მხრიდან “მკაცრი საქციელი”, თუმცა ახლა – აღარ

დეკანოზი ფილიპე აბაშიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წარსულში ყოფილა პედაგოგების მხრიდან მკაცრი მოპყრობის შემთხვევები, თუმცა ახლა ეს ასე აღარ არის.

საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე, სადაც მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ტელეკომაპნია „მეცხრე არხთან“ საუბრისას ფილიპე აბაშიძე, რომელიც ამ დაწესებულებაში მუშაობს, უარყოფს, რომ დღეს ბავშვებს პანსიონში საფრთხე ემუქრებათ, თუმცა ამბობს, რომ წარსულში მკაცრი მოპყრობის შემთხვევები ყოფილა.

„მართლა ფიქრობენ, რომ რაღაც ხდება, არადა, არაფერი არ ხდება… ჩვუელებრივად არის, სხვა ბავშვებზე უკეთეს პირობებში. კარგი პირობები აქვთ, ოთხჯერადი კვება აქვთ, კომფორტულად არის ყველაფერი მოწყობილი.

ბავშვების ყურებამდედაც მიდის, ყველას ტელეფონი აქვს და ისინიც ისმენენ, რასაც აცხადებს ტელევიზია და სახალხო [დამცველის] აპარატი, რომ იჩაგრებიან, აჩოქებენ, უშავებენ. ბავშვები ფიქრობენ, რომ ასეთი რამ აქ არ ხდება. ადრე, წლების წინ გამოერეოდნენ ხოლმე პედაგოგები, რომლებიც ცოტა მკაცრად ექცოდნენ, მაგრამ არ აჩერებდნენ ასეთ პედაგოგებს ბავშვებთან.

ამ ბავშვებს, ვინც აქედან წავიდნენ, არ დარჩათ კარგი შთაბეჭდილება ასეთ აღმზრდელებზე, არადა, ეს აღმზრდელები დროებით მოხვდნენ ასეთ გარემოში და ბავშვებთან სიმკაცრე გამოიჩინეს. ეს ყველგან ხდება, ჩემს ბავშვობაშიც ხდებოდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, და დღესაც ხდება სხვა პედაგოგების მხრიდან, მაგრამ ეს ძალიან მშვიდი მდგომარეობა არის“, – განმარტავს ის.

ინტერვიუს მიმდინარეობისას მან არაერთხელ მოიხსენია სახალხო დამცველი და მისი აპარატი შეურაცხმყოფელ კონტექსტში. არშეშვებაზე საუბრისას კი თქვა, რომ რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის, საპატრიარქოს „ერთსულოვნება“ და ულტრამემარჯვენე „ალტ-ინფო“ გადაღებაზე შეუშვეს.

„არ არის კლიტით ჩაკეტილი.. უბრალოდ, პანდემია რომ არის გავრცელებული, ადვილად არავინ უნდა შევიდეს“ ,- ამატებს ის.

თავად „მეცხრე არხი“ აცხადებს, რომ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს ტერიტორიის დატოვებისა და გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვთ.

მათივე ინფორმაციით, „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, მოზარდები გალავანზე ავიდნენ და ჟურნალისტს გაესაუბრნენ. არასრულწლოვნების ნაწილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობენ და პანსიონში შესაბამისადაც უვლიან, რამდენიმე მათგანმა კი თქვა, რომ საოჯახო სახლებში ცხოვრება არ უნდა.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის მონიტორინინგი.

ნეტგაზეთთან საუბარში სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო უწყებას შეატყობინეს. თუმცა ამ დრომდე ოფიციალური პასუხი აპარატს არ მიუღია, შესაბამისად, გარანტიები მთავრობისგან არ არსებობს.

„კომიტეტის დროებითი ღონისძიების მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა გუშინვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ იმისთვის, რომ მონიტორინგის ვიზიტები განხორციელდეს.

ასევე, დღეს ჩვენ ყველა პასუხისმგებელ უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია დაგეგმილი მონიტორინგის ვიზიტის შესახებ და ვთხოვეთ მათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც აუცილებელია მონიტორინგის სრულყოფილად ჩატარებისთვის, რათა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ“, – გვიყვება სხილაძე.

ის ასევე  განმარტავს, რომ 2015 და 2018 წლებში სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის ფარგლებში ამ დაწესებულებაში შეისწავლა მდგომარეობა და რამდენიმე უხეში დარღვევა აღმოაჩინა, კერძოდ:

„ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე ტიპის პრობლემა: ერთი არის სისტემური ხასიათის, რაც ეხება მკაცრ გარემოს, მკაცრი აღზრდის სტილს და სოციალიზაციის ნაკლებობას.

ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვები დადიან, არის სკოლა, იქაც თანმხლები პირის თანდასწრებით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვები არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული, მათ არ ეძლევათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა.

ასევე მთავარი გამოწვევაა, რომ იმთავითვე ამხელა ტიპის დაწესებულების არსებობა – ოფიციალური ინფორმაციით, აქ 57 ბავშვია – შეუძლებელია ვისაუბროთ ინდივიდუალურ მიდგომაზე, ოჯახურ გარემოზე და ოჯახური ტიპის ზრუნვაზე. ამ დაწესებულების არსებობა ასეთი სახით იმთავითვე არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

ჩვენ რაც გამოვკვეთეთ მონიტორინგის დროს, იყო ფიზიკური დასჯის სხვადასხვა მეთოდები და ზოგადად, დასჯის მეთოდები. ეს შესაძლოა ყოფილიყო საკვების გამოტოვება, მეტანიები, რაც მცირეწლოვანი ბავშვის შემთხვევაში ფიზიკურ ტკივილს იწვევდეს.

ასევე დასჯის ისეთი ფორმა, როგორიც იყო დერეფანში თანატოლების წინაშე მუხლებზე დადგომა და ა.შ.“ ,- განმარტავს სხილაძე და დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახალხო დამცველს მსგავსი ტიპის დაწესებულებაში მონიტორინგისას ასეთი დაბრკოლება ექმნება.

PHR: გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი