ახალი ამბები

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები შეუშვეს

13 მაისი, 2021 • 1254
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები შეუშვეს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

სოცმუშაკებს უკვე სამი კვირაა, რაც დაწესებულებაში გეგმური ვიზიტები აქვთ – „რომელთა მიზანიც არის არასრულწლოვანთა კეთილდღეობის რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება,“.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების მონიტორინგისთვის უკვე კვირებია სახალხო დამცველს არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება გაერომ სახელმწიფო დაავალდებულა.

„აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და ინტერვიუები. ვიზიტები მშვიდ გარემოში იმართება და სამუშაო პროცესში სოციალურ მუშაკს ხელი არ ეშლება. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებას უწევს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. სოციალური მუშაკი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთანაც“, – ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წერილობით პასუხში.

დამატებით კითხვებს, მათ შორის, სოცმუშაკების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა თუ სიტუაციის შეფასებაზე, ჯერჯერობით უწყება არ პასუხობს.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

წაიკითხეთ ვრცლად:

გაერომ ხელისუფლებას ნინოწმინდის პანსიონატის შემოწმება დაავალა — სახელმწიფო დუმს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი