ახალი ამბები

კარგი იქნება, თუ ომბუდსმენსაც დაუშვებენ – წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

20 მაისი, 2021 • 1104
კარგი იქნება, თუ ომბუდსმენსაც დაუშვებენ – წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების არშეშვებას გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ნინოწმინდაში არსებულ სიტუაციას არ იცნობს, თუმცა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სხვა სახლებში მას არცერთი პრობლემა არ უნახავს.

თუმცა, წულუკიანის თქმით, კარგი იქნება, თუ სახახლო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში დაუშვებენ.

“სახელმწიფოს წარმომადგენლები — სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით. მე, პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, არცერთი პრობლემა მე, პირადად, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ მინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, მაგრამ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”, — განაცხადა წულუკიანმა.

ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. სახალხო დამცველო უკვე თვეზე მეტია, რაც ბაშვების მდგომარეობის შესწავლას ცდილობს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. მანამდე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაავალდებულა სახელმწიფო, მონიტორინგი უზრუნველეყო.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. 

საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი ისევ არ შუეშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი