ახალი ამბები

წარმოუდგენელია სახელმწიფოს დუმილი – ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

13 მაისი, 2021 • 1659
წარმოუდგენელია სახელმწიფოს დუმილი – ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების გამო პარლამენტსა და ოფიციალურ უწყებებს აკრიტიკებს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ ბავშვთა უფლებების მონიტორინგისთვის უკვე კვირებია სახალხო დამცველს არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება სახელმწიფო გაერომ დაავალდებულა.

„საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ ,- ასე აფასებს ნაცვლიშვლი პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

„უკვე კვირებია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას კონსტიტუციურ ორგანოს – სახალხო დამცველს, შევიდეს და შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. ეს არის არამხოლოდ ყოვლად დაუშვებელი მოქმედება, ვინაიდან საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი… ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური მდგომარეობის გამო – ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

რას ნიშნავს, როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა – არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, გაუგებარია, რას ნიშნავს სახელმწიფოს დუმილი მაშინაც, როდესაც საქართველო  გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი თავისი ნებით გახდა.

„და რას ნიშნავს, რომ დღემდე არცერთი სახელმწიფო უწყება და პირი არ გამოსულა და ამაზე კომენტარსაც არ აკეთებს, არათუ არ იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ეს წარმოუდგენელი უკანონობა და სახელმწიფოს გაძევებისა თუ ჩანაცვლების თუ მიტაცების [ქმედება] თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ – იყოს აღკვეთილი.

ეს ხდება იმიტომ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები თავს უფლებას აძლევენ, რომ განაცხადონ – „სახელმწიფო აქ მე ვარ“. და თუ ჩვენ ამას შევეგუებით, არ გაგვიკვირდეს, რომ ხვალ ასეთი იქნება 10; 20; 200 და 1000. ხომ გვინახავს ასეთი პრეცედენტები, ზოგი კომბლით დარბის და ზოგი რას აკეთებს“ ,- აგრძელებს დეპუტატი.

ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს პარლამენტის როგორც ინდივიდუალურ წევრებს, ასევე საბჭოებს, კომიტეტებსა და აღმასრულებელ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი:

„სასწრაფოდ ჩაერთოს და შეწყდეს ეს უკანონობა და სახელმწიფოსა და კანონის გადახევა. წარმოუდგენელია ამის მოთმენა და ის, რომ დუმს აქამდე პარლამენტიც, მისი შესაბამისი კომიტეტებიცა და საბჭოებიც და აღმასრულებელი უწყებები“, – ამბობს ის.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

წაიკითხეთ ვრცლად:

გაერომ ხელისუფლებას ნინოწმინდის პანსიონატის შემოწმება დაავალა — სახელმწიფო დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი