კომენტარი

„30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ სხვა მხარეს მივდივართ“ — თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 • 3580
„30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ სხვა მხარეს მივდივართ“ — თედო ჯაფარიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე (2012-2016 წლებში, “ქართული ოცნების” სიით), საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე და „ჯეოქეისის“ მრჩეველი თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ „საგარეო პოლიტიკურ კურსს და უსაფრთხოებას არ წაადგება“.

„30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს, რომლებიც თითქოსდა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ პრაქტიკით, რა გზასაც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ ვადექით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჯაფარიძემ.

კანონპროექტი რომ მხოლოდ შიდა მოხმარების არ არის და გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ჯაფარიძის აზრით, ადასტურებს ის რეაქციები და რეზოლუციები, რომელიც ამ ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოჰყვა.

„რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მთელი მსოფლიო არასწორია და მხოლოდ ჩვენ, — ვინც უცხოური გავლენის კანონს იღებს, — ვართ მართალი, სასაცილო იქნებოდა ტრაგიკომიკური რომ არ იყოს“, — განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ კანონის მიღება იმოქმედებს ქვეყნის წინსვლაზე ევროკავშირისკენ, რაც ყველას და, როგორც ჰგონია, იმათაც უნდათ, ვინც კანონპროექტი დააინიციირა.

„არ ვიცი, რამ განაპირობა ახლა ამ კანონის ინიციირება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას ამგვარი კანონი არ წაადგება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგა და გვირჩევს — თავში არავინ გვირტყამს-  რომ ეს კანონი არ წაადგება იმას, რაც ჩვენ გვინდა. თუ [ევროინტეგრაცია] არ გვინდა და ვინც ამ კანონის ინიციირებას ახდენს, ის პოლიტიკასაც ცვლის, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს კანონი მიიღო და ამავე დროს იძახო, მაინც ევროპისკენ მივდივართ, ეტყობა, ასე არ გამოდის — ამას გვეუბნება მთელი მსოფლიო“, — ამბობს თედო ჯაფარიძე.

ამავე თემაზე გირჩევთ

რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე


„ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია და 2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ დააბრუნა „რუსული კანონი“.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებული კანონპროექტის ალტერნატივად გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიციირა „ოკუპანტი ქვეყნის — რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის“ შესახებ კანონპროექტი. მმართველმა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი