ახალი ამბები

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

3 ნოემბერი, 2020 •
ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. ისინი 3 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” შეიკრიბნენ.

შეთანხმებას ხელს აწერენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ლეიბორისტული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “კანონი და სამართალი”, “ერთიანი საქართველო”, “მოქალაქეები”, “ტრიბუნა”, “გამარჯვებული საქართველო”, “სამართლიანობისთვის”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.

“ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო, არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას”, – ვკითხულობთ შეთანხმებაში.

პარტიების თქმით, აგრძელებენ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის და ითხოვენ “ყველა დარღვევის სისტემურ აღმოფხვრას, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რომელმაც გამოიწვია არჩევნების გაყალბება.

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ, უკვე ერთობლივად, ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ არჩევნებს ვთვლით არალეგიტიმურად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები. ეს არ არის მხოლოდ განცდა, რომ გააყალბეს არჩევნები. ეს არის კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული, რომ არჩევნები მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა.

არ არის ლეგიტიმური არჩევნები, შესაბამისად, არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, რადგან ის არ ასახავს საზოგადოების ნებას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ასეთ პარლამენტში შევიდეთ და ვიმუშაოთ”, – განუცხადა “მთავარ არხს” ხათუნა სამნიძემ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, რომელიც საარჩევნოდ “ენმ-ძალა ერთობაშია” ბლოკში გაერთიანდა.

ზემოხსენებულ შეთანხმებას ხელს აწერენ პოლიტიკური სუბიექტებიც, რომელთაც ბარიერი არ გადაულახავთ. მათ შორისაა პარტია “სამართლიანობისთვის”, რომლის ლიდერი, ეკა ბესელია მედიასთან საუბრისას ოპოზიციური ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ჯერ კიდევ 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “გირჩი”, “მოქალაქეები”, “ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

2 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტად მიიჩნევენ.

ფოტო – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი