ახალი ამბები

მანდატებზე უარს ამბობს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა

2 ნოემბერი, 2020 • 1123
მანდატებზე უარს ამბობს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა

ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადებები პარტიების ლიდერებმა 1-2 ნოემბერს გაახმიანეს. ისინი არ აღიარებენ ზემოხსენებული არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ.

ჯამში, საპარლამენტო მანდატებზე უარს 8 ოპოზიციური პარტია ამბობს. ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “გირჩი”, “მოქალაქეები”, “ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

2 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი