ახალი ამბები

EU ბელორუსის არჩევნებს არ აღიარებს და მალე დაუწესებს სანქციებს პასუხისმგებელ პირებს – მიშელი

19 აგვისტო, 2020 • 1177
EU ბელორუსის არჩევნებს არ აღიარებს და მალე დაუწესებს სანქციებს პასუხისმგებელ პირებს – მიშელი

ევროკავშირი არ აღიარებს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს და სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც მის გაყალბებასა და შემდგომ გამართული დემონსტრაციების მონაწილეებზე ძალადობაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა დღეს, 19 აგვისტოს განაცხადა.

“ევროკავშირი მალე დაუწესებს სანქციებს მნიშვნელოვანი რაოდენობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე”, – თქვა მან ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელარუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი მან თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი