სოციალურ მედიაში ვრცელდება ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის. ვილნიუსში მყოფი ტიხანოვსკაიას თქმით, ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში არიან, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ კი მშვიდობიანი აქციები “სისხლიან სასაკლაოდ” გადააქცია.
“ძვირფასო მეგობრებო! ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი შევძელით. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ბელარუსელებს შეეძლოთ გაერთიანება და ძველი ხელისუფლებისთვის „არას“ თქმა. თუმცა, ეს მოხდა — ჩვენ მივედით საარჩევნო უბნებზე და გავაკეთეთ არჩევანი — კანონიერად, მშვიდობიანად და ღირსეულად.
…მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მომცა მე და ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ. ეს დოკუმენტურადაც დასტურდება, შედეგების პროტოკოლებით. სადაც ხმები სამართლიანად დაითვალეს, ჩემი მხარდაჭერა 60-დან 70 პროცენტამდე იყო, რეგიონ ნოვაია ბოროვაიაში [მინსკის ახალი უბანი] კი- 90%. ბელარუსელებს აწი აღარ ექნებათ სურვილი, წინა ხელისუფლებასთან ერთად იცხოვრონ. მისი [ალექსანდრე ლუკაშენკოს] გამარჯვების არავის სჯერა”, – აღნიშნა მან.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში არსებული სიტუაცია კრიტიკულად შეაფასა, გაახმიანა მოწოდება დიალოგისკენ და უშუალოდ მიმართა ქალაქების მერებს:
“ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი არჩევანის დაცვა მხოლოდ კანონიერი, არაძალადობრივი მეთოდებით უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ კი მოქალაქეების მშვიდობიანი გასვლა ქუჩაში სისხლიან სასაკლაოდ აქცია. სიტუაცია კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში მომხდარ ამბებს. ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანისთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.
უნდა შევაჩეროთ ძალადობა ბელარუსის ქალაქების ქუჩებში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა და დიალოგზე წამოვიდეს. ვთხოვ ყველა ქალაქის მერს, 15 და 16 აგვისტოს მოახდინოს მშვიდობიანი მასობრივი შეკრების ორგანიზება.
ჩვენი ქალაქების ქუჩებში მიმდინარეობს ახალი მშვიდობიანი აქციები — „სოლიდარობის ჯაჭვები“ ყვავილებიანი ქალებით. ისინი აჩვენებენ მთელ მსოფლიოს, რომ ბელარუსელები ღია, პატიოსანი და ძალადობის მოწინააღმდეგე ხალხი ვართ. მადლობას ვუხდი [სამართალდამცავი] ორგანოების თანამშრომლებს, ვინც უარი თქვა შეესრულებინა დანაშაულებრივი ბრძანება თავისი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი მათ, ვისაც არ შეეშინდა და გაფიცვა გამოაცხადა. მადლობა ყველა კოლექტივს, ვინც გაფიცვას შეუერთდა”.
ტიხანოვსკაიამ მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა, ხელი მოაწერონ ონლაინ პლატფორმას, რომ არჩევნებზე ხმა მას მისცეს.
პროტესტი და შეტაკებები ბელარუსის ქალაქების ქუჩებში დაიწყო 9 აგვისტოს საღამოს, არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.
უკვე 13 აგვისტოს, ხუთშაბათს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 64.49%-მა მისცა ხმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი, რომელიც მის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, 14.92%-მა.
ტიხანოვსკაიას მიმართვა და სავარაუდო ზეწოლა
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე უნდობლობა გამოუცხადა აღნიშნულ მონაცემებს და ბელარუსის ცესკოში საჩივარიც შეიტანა.
უკვე შემდგომ, 11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.
ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებიდან მალევე, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.
მოგვიანებით პროსახელიწუფლებო გვერდმა გაავრცელა ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბელარუსელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
მისი თანაგუნდელების თქმით, აღნიშნული ვიდეო იყო ზეწოლის შედეგი: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ რამდენიმე საათი გაატარა ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანონოდ იყო დაკავებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ვიდეოს ფონის მიხედვით გაავრცელა ცნობა, რომ მიმართვა სწორედ კომისიის ოფისშია ჩაწერილი.
გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება