ახალი ამბები

“წადი”- მასშტაბური პროტესტი მინსკსა და სხვა ქალაქებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ

16 აგვისტო, 2020 • 1796
“წადი”- მასშტაბური პროტესტი მინსკსა და სხვა ქალაქებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ

მინსკში მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციის მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გამართეს მსვლელობა.

მედიაში მინსკის აქციის მასშტაბების შესახებ სხვადასხვა ცნობა ვრცელდება: “რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიურო 100 000-ზე მეტ მონაწილეზე საუბრობს. დამოუკიდებელი მედიაპორტალის, TUT.by-ს ინფორმაციით კი, აქციის მონაწილეთა რიცხვი 220 000-ს უახლოვდება.


შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციებისაკენ მოწოდება ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაახმიანა. ტიხანოვსკაია არჩევნების შემდეგ ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ბელარუსი ზეწოლით დაატოვებინეს.

ტიხანოვსკაია არ სცნობს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ბოლო მიმართვაში მან თქვა, რომ ცვლილებების მომხრეები უმრავლესობაში არიან, ხელისუფლებამ კი, რომელმაც ხალხს “სისხლიანი სასაკლაო”მოუწყო”, დიალოგზე უნდა წავიდეს.

დედაქალაქში აქციას შეუერთდა სვეტლანა ტიხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა. მან ოფიციალურ პირებს მიმართა:

“მეგობრებო, ეს ბოლო შანსია. დადექით კარგი ხალხის გვერდით. ჩვენ ვართ უმრავლესობა. ჩვენ ვართ ძალა”.

დემონსტრაციები ასევე გაიმართა ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში: ბრესტში მოქალაქეები უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელსაც მათთვის სიტყვით მიმართვა სურდა. გომელში კი დემონსტრანტებმა ბელარუსის ამჟამინდელი დროშა ჩამოხსნეს და დაკიდეს პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

დემონსტრაციამდე ლუკაშენკომ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე

აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. შეკრებას რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა, თუმცა ლუკაშენკომ, რომელმაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, თქვა, რომ ღონისძიება უმრავლესობის ნებას გამოხატავდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების თანახმად, აქციაზე ხალხი ავტობუსებით მიიყვანეს.

ლუკაშენკომ ოპოზიციის მხარდამჭერები “ვირთხებად” მოიხსენია და თქვა, რომ იმ ფონზე, როცა მეზობელი ქვეყნები მას ხელახალ არჩევნებს სთხოვენ, ნატო-მ თავისი ძალები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე გადმოისროლა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპიკერმა ეს ინფორმაცია მალევე უარყო.

მანამდე, ლუკაშენკო უკვე მეორედ ესაუბრა ტელეფონით ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია, მართავს.

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

მასალების გადაბეჭდვის წესი