ახალი ამბები

ბელარუსში ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს ბინის ჩამორთმევით ემუქრებიან

20 დეკემბერი, 2023 • 736
ბელარუსში ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს ბინის ჩამორთმევით ემუქრებიან

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია იმუქრება, რომ ნობელიანტ მწერალს, სვეტლანა ალექსიევიჩს მინსკში კუთვნილ ბინას ჩამოართმევენ, იტყობინება „მედუზა“.

ბელარუსულ ტელევიზიაში ახალი ამბების წამყვანმა თქვა, რომ ალექსიევიჩის ბინა ბრწყინვალედ მოერგებოდა მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრსა და მის ოჯახს.

ალექსიევიჩს ბელარუსის დატოვება 2020 წელს მოუწია, როცა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ლუკაშენკომ ისინი მათ შორის რუსეთის დახმარებით ჩაახშო.

ალექსიევიჩი, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში შედიოდა, აცხადებს, რომ ლუკაშენკო „შურისძიებით ემუქრება ყველას, ვინც მაშინ რევოლუციაში მონაწილეობდა“.

მინსკში ბინა ალექსიევიჩმა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მიიღო. „იქ ჩემი ხელნაწერებია, ყველაფერი იქ დარჩა. ბინა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი როდია, შენი სამყაროცაა. მთელი ეს სამყარო იქ დარჩა“, – ამბობს მწერალი, რომელსაც სამშობლოს დატოვება მოუწია.

სვეტლანა ალექსიევიჩი არაერთი ნაწარმოების ავტორია, დიდწილად გვიანდელ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაზე. მისი ცნობილი ნამუშევრებია „ომს ქალის სახე არ აქვს“, „ჩერნობილის ლოცვა“, „ცინკის ბიჭები“ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი