ახალი ამბები

“სისხლის ტბა იდგა” – ადამიანები ყვებიან, რომ ბელარუსში დაკავებულებს აწამებენ

14 აგვისტო, 2020 • 1834
“სისხლის ტბა იდგა” – ადამიანები ყვებიან, რომ ბელარუსში დაკავებულებს აწამებენ

დემონსტრანტები, რომლებიც ბელარუსის პოლიციამ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დროს დააკავა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. მათი თქმით, იზოლატორებში ადამიანებს სასტიკად სცემენ, ამცირებენ და საათობით ჰყავთ გამოკეტილი საკვების გარეშე.

მსგავს ისტორიებს მედიას უზიარებს არაერთი ადამიანი, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით გათავისუფლებულთა შორის არიან. ჯამში, იზოლატორები 1 000-მა ადამიანმა დატოვა.

ერთ-ერთი მათგანი BBC-ს უყვება, რომ ადამიანებს იატაკზე, ერთმანეთთან მიჯრით აწვენენ. აღნიშნული სივრცე მან აღწერა, როგორც “სისხლისა და ექსკრემენტების აუზი”.

“ადამიანებს სასტიკად სცემენ. მთელი ღამის განმავლობაში იძულებულნი ვიყავით, ეზოში ვმდგარიყავით. გვესმოდა ქალების ხმა, რომელთაც სცემდნენ. არ მესმის ასეთი სისასტიკე”, – უთხრა იზოლატორიდან გათავისუფლებულმა კაცმა ტელეკომპანიას.

“ისინი სცემენ[ადამიანებს] გისოსებს მიღმა და მათ გარეთ. სისხლის ტბა იდგა”, – აცხადებს კიდევ ერთი ქალი ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა კრიტიკულმა მედიაპლატფორმამ გამოაქვეყნა.

დღის განმავლობაში არაერთი გათავისუფლებულის ფოტო გავრცელდა, რომელთაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მათი თქმით, ეს პოლიციელთა ძალადობის შედეგია. საერთაშორისო ორგანიზაციის, “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, ადამიანები ყვებიან, რომ აშიშვლებენ, ურტყამენ და გაუპატიურებით ემუქრებიან.

“პატიმრობიდან გათავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ დაკავების ცენტრები წამების კამერებად გადაიქცა, სადაც დემონსტრანტები იძულებულნი არიან, იწვნენ სიბინძურეში, რა დროსაც პოლიცია ხელკეტებით სცემს მას”, – ციტირებს BBC ორგანიზაციის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

რუსული ახალი ამბების სააგენტოს, Znak.com-ის ჟურნალისტი ნიკიტა ტელიჟენკო თავის 16-საათიან პატიმრობას ასე აღწერს:

“დარტყმა, ყვირილი, ტირილი, შეიძლება გაიგო ნებისმიერი მხრიდან”.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგანან კედელთან ნაცემი ახალგაზრდები და აცხადებენ, რომ აღარასდროს მიიღებენ მონაწილეობას მსგავს პროცესებში.

შესაძლო სანქციები და ხელისუფლების პირველი ბოდიში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებზე უნდა იმსჯელონ, პარასკევს არის დაგეგმილი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბელარუსში არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, საერთაშორისო დამკვირველებთა მონაწილეობით.

ევროკავშირმა უკვე დაგმო ბელარუსის არჩევნები, როგორც არათავისუფალი და გაუმჭვირვალე. ამავე აზრზეა აშშ-ის გენერალური მდივანი მაიკ პომპეო. ლიეტუვის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსის ქალაქებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 80%-მა.

ხუთშაბათს ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან პირველი ბოდიშიც გაისმა.

“პასუხისმგებლობას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი პროტესტისას შემთხვევითი ადამიანების დაშავების გამო…”, – ციტირებს შინაგან საქმეთა მინისტრს “რადიო თავისუფლება”. მისივე თქმით, ზოგიერთი დემონსტრანტი თავადაც ძალადობდა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს კიდევ ერთმა თანაგუნდელმა, ეროვნული საბჭოს ლიდერმა, ნატალია კოჩანოვამ, აღნიშნა, რომ ლუკაშენკომ დაკავებულთა საქმეების გადახედვის ბრძანება გასცა.

“ჩვენ არ ვიბრძვით, ჩვენ არ გვინდა ომი”, – თქვა მან.

არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 6 700 ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

დაღუპულია, მინიმუმ, ორი ადამიანი.

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი