ახალი ამბები

ჯერ იქნება ახალი კონსტიტუცია, შემდეგ ახალი არჩევნები – ლუკაშენკო

17 აგვისტო, 2020 • 1235
ჯერ იქნება ახალი კონსტიტუცია, შემდეგ ახალი არჩევნები – ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მისი გადადგომის მოთხოვნით დაწყებული პროტესტის შემდეგ ხელახალ არჩევნებზე ალაპარაკდა.

დღეს, ერთ-ერთ ქარხანაში გამართული შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მანამდე კი  ამბობდა: „სანამ არ მომკლავთ, არჩევნები არ იქნება“.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია, რომელიც თქვენც მოგინდებათ და არც „ალტერნატიულები“ იქნებიან წინააღმდეგ. კონსტიტუცია უნდა მივიღოთ რეფერენდუმზე, იმიტომ, რომ წინა კონსტიტუცია მივიღეთ ასევე რეფერენდუმზე და ამ ახალი კონსტიტუციით, თუ თქვენი სურვილი იქნება, ჩატარდეს არჩევნები – როგორც პარლამენტისა და საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების“, – განაცხადა ლუკაშენკომ. 

ამავე შეხვედრაზე მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს.


16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.

ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.

სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება – ლუკაშენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი