ახალი ამბები

ძალა ერთობაშია თუ მრავალფეროვნებაში

27 ივლისი, 2020 • 2978
ძალა ერთობაშია თუ მრავალფეროვნებაში

“ეს არა დაშლის, არამედ გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია” – ასე ფიქრობენ ახალ პლატფორმაზე, რომელიც გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა კოალიციის “ძალა ერთობაშია” დატოვების შემდეგ ჩამოაყალიბეს.

გადაწყვეტილება,  რომელსაც ოპოზიციური კოალიციიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ დღეს გაახმიანეს და ნაბიჯი კვლევებით დადასტურებული “ხალხის მოთხოვნით” ახსნეს. “ძალა ერთობაშია” სხვა პარტიების შემოერთებაზე საუბრობს, წასული პოლიტიკოსები კი ალტერნატივის მოლოდინში მყოფი ამომრჩევლების სიმრავლეზე ამახვილებენ ყურადღებას.

რატომ დატოვეს ოპოზიციური კოალიცია და რას აპირებენ ახლა?

პარტიების – “ახალი საქართველს” და “კანონი და სამართალი” – დამფუძნებლებმა ახალი პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ დღეს, 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი” იქნება ძალა, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევებზე იმუშავებს.

“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

პლატფორმის დამფუძნებლებმა მმართველი პარტია “დამსხვრეული ოცნებების პარტიად” მოიხსენიეს, რომელსაც, მათი თქმით, ამომრჩევლის წინაშე დადებული არცერთი დაპირება შეუსრულებია.

ვაშაძემ და ჩარკვიანმა დღეს არაერთგზის ახსენეს პოლარიზაცია და ახალი ძალის საჭიროება, რომელსაც მათი აზრით, საზოგადოება ელის. გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ კვლევებით დადასტურებულ განწყობებს ემყარება მისი გადაწყვეტილება.

“მე ვამახვილებ [ყურადღებას] ოპოზიციური ამომრჩევლის ძალიან დიდ რაოდენობაზე. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ სურს, ქართულმა ოცნებამ გააგრძელოს ქვეყნის მართვა”, – თქვა მან.

“რაც ჩვენ დავტესტეთ, ყველა კვლევამ აჩვენა, რომ რაღაცის მოლოდინი აქვთ ადამიანებს”, – დაამატა ჩარკვიანმა. მან ვაშაძე “პრაქტიკოს პოლიტიკოსად მოიხსენია”, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან ქართულ პოლიტიკაში.

კითხვაზე, რატომ არ გამართლდა მისი იმედები, რომ პოლარიზაციას 10 პარტიის მიერ დაფუძნებული “ძალა ერთობაშია” გაანეიტრალებდა, ვაშაძემ უპასუხა, რომ გამართლდა და ამის მაგალითია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა პირველ ტურში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა 38% აიღო. თუმცა, მისი თქმით, ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი უნდა ჰქონდეს, რათა მმართველმა პარტიამ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს.

“პირველ ტურში 38%-ს არავინ ელოდა. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ, სწორედ მრავალფეროვანმა არჩევნებმა ხმების თითქმის 62% მისცა ოპოზიციას. პირველ ტურში. ეს იყო დაახლოებით 1 100 000 ხმა. შესაბამისად, თქვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ, ვთანამშრომლობთ სულ ყველა და ნამდვილად ძალა ერთობაშია ოპოზიციურ ფრონტზე. მეორე მხრივ, კიდევ უფრო განსხვავებულ არჩევანს ვაკეთებინებთ პროპორციული თვალსაზრისით. არ უნდა მივცეთ არანაირი მოტივაცია ამომრჩეველს, რომ ხმა მისცეს დამსხვრეული ოცნებების პარტიას”, – თქვა მან.

პლატფორმის დამფუძნებლებმა თქვეს, რომ უფრო ფართო პრეზენტაციას 30 ივლისს გამართავენ და სხვა სახეებსაც საზოგადოებას ამ დღეს წარუდგენენ.

თვის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალ სუბიექტებს რიგ საარჩევნო საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რამაც გააჩინა მოსაზრება გაერთიანების შესაძლო დაშლის შესახებ. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოალიციიდან გასვლას “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავდა.

მანამდე, 1 თვით ადრე, კოალიციის უკვე ყოფილმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა “ნაციონალური მოძრაობა” გააკრიტიკა პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის ერთმნიშვნელოვნად გამორიცხვის გამო და პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის შესაბამის განცხადებას “იმპერატიული ტონალობა” უწოდა.

“ეს მათი დანაკარგია” – რას ფიქრობენ ოპოზიციურ კოალიციაში

გასული სუბიექტებისგან განსხვავებით, რომელთაც დღევანდელ ბრიფინგზე უკვე ყოფილ თანაგუნდელებზე ბევრი არ უსაუბრიათ, ოპოზიციური კოალიციიდან მათი მისამართით არაერთი კრიტიკული გზავნილი გაისმა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ პარტიის სტრატეგია – “ქართული ოცნების” დამარცხება ერთიანი ფორმატით” – კვლავ ძალაშია და კოალიცია შენარჩუნდება.

“…ვფიქრობ, მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ დატოვოს ეს გაერთიანება. ეს არის მათი გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, ჩვენს ერთიანობას არ მიადგება ამით რაიმე ზიანი. …როგორც ჩანს, მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის დამარცხება და არა თანამდებობების, მანდატებისა და ადგილების გადანაწილება”, – აღნიშნავს დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას და კოალიციაში ახალი სუბიექტების მიღებას აანონსებს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მანდატები და თანამდებობები იყო პრიორიტეტი კოალიციიდან გასული სუბიექტებისთვის, სამადაშვილი პასუხობს:

“არ ვიცი. ვფიქრობ, უკეთესია, მათ გააკეთონ განმარტებები ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას და “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენი მოქალაქეების მთავარი იმედია ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით”.

კოალიციაში შემავალი პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ ვაშაძისა და ჩარკვიანის გაერთიანებიდან გასვლა “არავითარ დანაკარგს არ წარმოადგენს”. მისი თქმით, “ძალა ერთობაშია” არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას, რაზეც აქამდეც იყო საუბარი.

“ჩემთვის გასაოცარია, გამარჯვების ფორმულას ადამიანები სხვაგვარად რომ თვლიდნენ რამდენიმე თვის წინ და დღეს სხვაგვარად მიიჩნევენ. ითქვა, რომ მრავალფეროვნებაში და დანაწევრებაში, დივერსიფიკაციაშია გამარჯვების ფორმულა. არადა, ერთი თვის წინაც კი, ეს ფორმულა იყო სხვა”, – აღნიშნავს მაჭუტაძე წასულ სუბიექტებზე საუბრისას.

“არცერთი თანამდებობა არ ღირს იმისთვის, რომ იდეებს შევწიროთ”, – ასე გამოეხმაურა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ორი პარტიის გასვლას კოალიციიდან. კითხვაზე, მიემართება თუ არა მისი რეპლიკა გიორგი ვაშაძეს, ქარდავას არ უპასუხია. მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ “დაქსაქსულობა არის გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისკენ”.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ გამორიცხა, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის უარყოფას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მიმდინარე წლის ივნისში.

“ვაშაძემ დაინახა, რომ გარკვეული რეიტინგი აქვს”

ანალიტიკოსი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილება ბოლო კვლევებით არის განპირობებული, რომელიც მის პარტიას “ძალა ერთობაშიას” წევრ ზოგიერთ სუბიექტზე მაღლა აყენებს. Edison Research-ის კვლევით, ვაშაძის პარტიას მოსახლეობის 3% უჭერს მხარს, ისნის მაჟორიტარულ ოლქში კი ის 1%-ით უსწრებს “ქართული ოცნების” კანდიდატს.

ნოდია დღევანდელი გადაწყვეტილების გამო რადიკალურ ცვლილებებს არ ელის.

“ვაშაძემ დაინახა, რომ მას გარკვეული რეიტინგი აქვს. ძალიან მაღალი არა, მაგრამ “ძალა ერთობაშიას”, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, ცხადია, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, მას შეუძლია, დამაჯერებლად შევიდეს პარლამენტში და შეიძლება, კიდევ ერთი ან ორი ადამიანი შეიყვანოს. თაკო ჩარკვიანის შემთხვევაშიც, ალბათ, პიროვნული საკითხია, რომ ურჩევნია, ვაშაძესთან თანამშრომლობა.

ვერ ვიტყვი, რომ რადიკალური ცვლილება იქნება, უბრალოდ, ვაშაძე ყოველთვის გამოირჩეოდა ამბიციით. ის წამოვიდა ჯერ “ნაციონალური მოძრაობიდან” სწორედ იმიტომ, რომ მისი აზრით, არასაკმარისად აფასებდნენ. აქაც, როგორც ჩანს, მას უფრო წამყვან როლზე ჰქონდა პრეტენზია, ვიდრე მას ჰქონდა. ცალკე პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება ყოველ შემთხვევაში ამ არჩევნებისთვის და, ალბათ, პარლამენტშიც”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციურ კოალიციასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ნოდია ფიქრობს, რომ აღნიშნული ერთობა საზოგადოების თვალში მაინც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ჩამოყალიბებულ გაერთიანებად აღიქმებოდა და “ვინც აპირებდა ხმის მიცემას ამ ნიშნით, ისევ მისცემს ხმას”.

“არ ვიცი, [ახალი სუბიექტებით] შეივსებიან თუ არა, ეს უბრალოდ ასე უნდათ თქვან, როდესაც ვიღაც მიდის, რომ “იგი წავა და სხვა მოვა”. თუ შეივსებიან, ეს იქნება ძალიან მეორეხარისხოვანი პარტია და უბრალოდ სიმბოლური იქნება, რომ “ვაშაძე წავიდა, ვიღაცა მოვიდა”. დიდი ალბათობით, საერთოდაც არ შეივსებიან იმიტომ, რომ სიის შექმნისთვის მაინცდამაინც მომგებიანი არ არის კიდევ ერთი პარტიის შემოერთება, რადგან იმის ლიდერს ენდომება პირველ ათეულში ყოფნა”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი