ახალი ამბები

“ეს მათი დანაკარგია” – სამადაშვილი ვაშაძისა და ჩარკვიანის კოალიციიდან გასვლაზე

27 ივლისი, 2020 • 1233
“ეს მათი დანაკარგია” – სამადაშვილი ვაშაძისა და ჩარკვიანის კოალიციიდან გასვლაზე

ოპოზიციური კოალიციიდან “ძალა ერთობაშია” გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის პარტიების გასვლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა”(ენმ) სხვა სუბიექტებთან კონსულტაციებს გეგმავს. ამის შესახებ “ნეტგაზეთთან” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა, გაერთიანებიდან წასული პოლიტიკოსების გადაწყვეტილების შეფასებისას კი თქვა, რომ “ეს მათი დანაკარგია”.

“ნაციონალური მოძრაობა” ამ გაერთიანების [“ძალა ერთობაშია”] სულისჩამდგმელი იყო და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ ხალხთან. არა მხოლოდ მათთან, ვინც ახლა არის წარმოდგენილი, არამედ დამატებით სუბიექტებთან, როგორც პოლიტიკურ  პარტიებთან, ასევე, კონკრეტულად საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან, ვინც შემოუერთდება ამ ერთიანობას.

ასე რომ, ვფიქრობ, მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ დატოვოს ეს გაერთიანება. ეს არის მათი გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, ჩვენს ერთიანობას არ მიადგება ამით რაიმე ზიანი. …როგორც ჩანს, მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის დამარცხება და არა თანამდებობების, მანდატებისა და ადგილების გადანაწილება”, – აღნიშნავს სამადაშვილი.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ენმ და სხვა პარტიები მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში “ძალა ერთობაშიას” ფორმატით, დეპუტატი პასუხობს:

“კონსულტაციები გვაქვს და საბოლოოდ როგორც ჩამოყალიბდება, რა ფორმას მიიღებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. მაგრამ ენმ რჩება მომხრედ და სულისჩამდგმელად ერთიანი ფორმატით ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ. კონკრეტულ პარტიებს, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს, ალბათ, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თავის დამფინანსებელი ჰყავს, საკუთარი პოლიტიკური ხედვები აქვს და ალბათ ვაშაძეს თავად შეუძლია განმარტოს თავისი გადაწყვეტილების ლოგიკა”.

სალომე სამადაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა “არ არის რაღაც თანამდებობების, მანდატების, სიაში ადგილების გადანაწილება”. მისი განცხადებით, “ამის გარშემო ვერ შეიქმნება ის საერთო ეროვნული ერთობა, რაც საჭიროა ივანიშვილის დასამარცხებლად”. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორები იყო პრიორიტეტი კოალიციიდან გასული სუბიექტებისთვის, სამადაშვილი პასუხობს:

“არ ვიცი. ვფიქრობ, უკეთესია, მათ გააკეთონ განმარტებები ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას და “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენი მოქალაქეების მთავარი იმედია ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს წინ”.

სალომე სამადაშვილი ჯერ არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები კოალიციაში გასაერთიანებლად. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტია პროცესის დასრულების შემდეგ მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” დღეს, 27 ივლისს წარადგინეს. ვაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე სუბიექტს: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები.

“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა. ამაზე დეტალურად 30 ივლისს, ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გესაუბრებით” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი