ახალი ამბები

“ძალა ერთობაშია” დაშლის პირას? – გაერთიანებაში ენმ-ის პასუხს ელოდებიან

9 ივლისი, 2020 • 2577
“ძალა ერთობაშია” დაშლის პირას? – გაერთიანებაში ენმ-ის პასუხს ელოდებიან

პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი სუბიექტებს რიგ საარჩევნო საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რამაც გააჩინა მოსაზრება გაერთიანების შესაძლო დაშლის შესახებ.

“ძალა ერთობაშია” 2018 წელს 10-მა პარტიამ ჩამოაყალიბა და პრეზიდენტობის კანდიდატად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. მოგვიანებით გაერთიანებას შეუერთდა თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული “კანონი და სამართალი”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი სხვა პარტიები აცხადებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ერთიანი ბლოკით მონაწილეობას გეგმავდნენ, თუმცა ამ დროისთვის გაერთიანებაში არ გამორიცხავენ, რომ  “ნაციონალური მოძრაობამ” დატოვოს  “ძალა ერთობაშია”. ენმ-ის წარმომადგენელი არ დასწრებია მიმდინარე კვირას “ძალა ერთობაშიას” სხდომას, რომლის მთავარი საკითხი რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წინასწარი შერჩევა იყო. მაგიდასთან შეკრებილებმა გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ თაკო ჩარკვიანს, რომელმაც საკუთარი თავი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციების მიღმა დაასახელა. 

ჩარკვიანის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძის მხარდაჭერას. ენმ-ის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი პარტია პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურას არც ახლა და არც მომავალში განიხილავს. ენმ-ის მხარდაჭერის მოლოდინი გიორგი ვაშაძეს, შესაძლოა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გაკეთებულმა განცხადებამ შეუქმნა. მაშინ სააკაშვილმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე “მშვენიერი პრემიერ-მინსიტრი იქნებოდა”.

ჩარკვიანის და ვაშაძის კანდიდატურების გახმიანებასთან დაკავშირებით ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ “რამდენჯერმე მოხდა ისეთი ფაქტი, რამაც “ძალა ერთბაშია” გაერთიანების შიგნით კონსტრუქციულ თანამშრომლობას ხელი არ შეუწყო”.

“ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც პარტიები ასეთ რაღაცაზე მსჯელობენ და არ აყენებენ საქმის კურსში თავის პარტნიორს (მით უმეტეს, ენმ ნამდვილად არ არის ყველაზე სუსტი და ანგარიშარგასაწევი პარტია ამ გაერთიანებაში), ბუნებრივია, ეს არ უწყობს ხელს თანამშრომლობის განმტკიცებას, მაგრამ ჩვენ რამე მკვეთრი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს და ჯერ არც ვგეგმავთ რამეს ამ მიმართულებით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბარამიძემ.

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე ენმ “ძალა ერთობაშიას” ტოვებს, თუმცა ამბობს, რომ ელოდება უფრო ფართო სპექტრის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რათა საარჩევნო სტრატეგია გამოკვეთოს.

ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ “ძალა ერთობაშიაში” შემავალი პარტიების ერთობაზე, არამედ უფრო ფართო ერთობაზე და ეს არაერთხელ დავადასტურეთ. მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა იდეა, “ლეობორისტული პარტიის” მაგიდასთან შეკრებილი ოპოზიცია არჩევნებზე საერთო სიით გასულიყო. ამ იდეამ ყველაში მოწონება ვერ მოიპოვა. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა ოპოზიციის ფართო სპექტრის ერთიანობისთვის და თბილისის 8 ოლქდიდან მხოლოდ 2-ში დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი, მაშინ, როცა ოპოზიციის შიგნით არსებული რეიტინგის პრორპორციას თუ დავიცავდით, შეიძლება, 4-5 ოლქიც გვეკუთვნოდა. ჩვენ ვუთხარით მეგობრებს “ძალა ერთობაშია”, რომ გვჭირდება დრო, რათა დავაკვირდეთ პროცესებს, თუ რა ხდება ფართო სპექტრის ოპოზიციაში. ველოდებით, დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიცია ვის კანდიდატურას დაასახელებს და თუ იქნა ფართო სპექტრის ოპოზიციური ერთობის პერსპექტივა, მაშინ ერთი გზით წავალთ, თუ არადა, მაშინ არსებობს მეორე გზა – ყველა პარტიას მაჟორიტარობის თავისი კანდიდატი ჰყავდეს. მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგია კი ურთიერთკავშირშია”, – განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ენმ-ის საარჩევნო სტრატეგიის კონტურები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოიკვეთება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის სამდივნოს და პოლიტსაბჭოს შეკრება, განხილვები და, შესაბამისად, მეტი დრო დასჭირდება. “ძალა ერთობაშიაში” შემავალი პარტიები კი ელიან, რომ უკვე ხვალინდელ შეხვედრაზე მიიღებენ პასუხს, რჩება თუ არა ენმ გაერთიანებაში. ჯერჯერობით უცნობია, ენმ-ის გასვლის შემთხვევაში, რა კონფიგურაციით წარდგებიან არჩევნებზე “ძალა ერთობაშიაში” შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტები, თუმცა გიორგი ვაშაძესთან ერთ ბლოკში გაერთიანებას გეგმავს თაკო ჩარკვიანი.   

“გაჟღერდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ცალკე გასვლის სურვილი. მათ პარასკევამდე (10 ივლისი) გვთხოვეს დრო. ჯერ არ უთქვამთ, გადიან თუ არა. უნდა დაველოდოთ. სავარაუდოდ, ხვალ უნდა იყოს პასუხი. მე ძალიან ვუფრთხილდები, დასავლურ ვექტორში არ შევიდეს ბზარი, იმიტომ, რომ “ლეობორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილი ფსევდოოპოზიციის მაგიდას არ ვენდობი. იმ შემთხვევაში, თუ ენმ დატოვებს გაერთაინებას, დანარჩენი პარტიები ვაგრძელებთ კონსულტაციას. მოსალოდნელია, რომ მე და გიორგი ვაშაძე პარტნიორები ვიქნებით, მაგრამ ჩვენს კოლეგებთან გავდივართ ახლა კონსულტაციებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩარკვიანმა.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად ჩარკვიანი ასახელებს ნიკა მელიას განცხადებას, რომ ოპოზიციის ერთობის ხელშესაწყობად ენმ თბილისის მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში დაყენებს კანდიდატურას.

“ყველას გაგვიკვირდა, როდესაც ნიკა მელიამ გამოაცხადა, მხოლოდ 2 მანდატი “ნაციონალურ მოძრაობასო”. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მელიამ ეს განცხადება მხოლოდ თავისი პარტიის სახელით გააკეთა. კი ბატონო, მაგრამ დარჩენილი 6 მანდატი ვის მისცეს და რატომ მისცეს და ვის ჰკითხეს?! გაფართოებული ოპოზიციის მაგიდა შეიქმნა “ძალა ერთბაშიას” დასაშლელად, იმიტომ, რომ ბოკერიას დარდია “ძალა ერთობაშია”. პრემიერი იქნება იმისი, რა ტიპის საკანონმდებლო ორგანოც დაკომპლექტდება. ბოკერია მიხვდა, რომ პრაიმერით “ევროპული საქართველოს” კანდიდატი “ძალა ერთობაშიას” კანდიდატს ვერ მოუგებს, ამიტომ სურს დაბალპროცენტიანი, მათ შორის, პრორუსული პარტიები, როგორც ბურჯანაძისაა, მოახვედროს საკანონმდებლო ორგანოში, რომ მათი დახმარებით საკუთარი პარტიიდან გაიყვანოს პრემიერი”, – ამბობს ჩარკვიანი, რომელმაც 2019 წლის ბოლოს ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრების გამო დატოვა ოპოზიციის დროებითი გაერთიანება.

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” ბუნებრივი დისკუსიაა საარჩევნო სტრატეგიაზე.

“კოალიცია იქნება, თუ არ იქნება, ყოველ შემთხვევაში დიდი მაჟორიტარული ბლოკი არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში უნდა ვითანამშრომლოთ და საერთო ძალებით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ვაშაძემ. 

“ძალა ერთობაშიას” სხდომა, რომელზეც სამომავლო საარჩევნო სტრატეგიაზე უნდა იმსჯელონ, 10 ივლისს, 11:00 საათზე ნიკა მაჭუტაძის პარტიის ოფისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი