ახალი ამბები

“იმპერატიული ტონალობა” – ჩარკვიანის გამოხმაურება ვაშაძის კანდიდატურის უარყოფაზე

2 ივნისი, 2020 • 1360
“იმპერატიული ტონალობა” – ჩარკვიანის გამოხმაურება ვაშაძის კანდიდატურის უარყოფაზე

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აკრიტიკებს “ნაციონალური მოძრაობიდან” გახმიანებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც,  პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება. ამის შესახებ ჩარკვიანმა “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ნორმალურია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრეტენზია, თავად წამოაყენოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა, თუმცა ეს  “იმპერატიული ტონს” არ ამართლებს. თავად ჩარკვიანი კანდიდატურის შესარჩევად პრაიმერის წესს ემხრობა.

“ჩემი პოლიტიკა არის ღია პროცესი და ხალხის ჩართულობა. მე მინდა, პრაიმერის წესით უკეთესი კანდიდატურა შემოგვთავაზოს იმ ვეებერთელა პარტიამ, რომელსაც ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ თავისი კანდიდატი იყოს… მე მაინც ეს მგონია, რომ შეიძლება გული წყდება: ამხელა, ვეებერთელა პარტიაა და ფიქრობენ, რომ რატომ მაინცდამაინც “ნაციონალური მოძრაობიდან” არა? ესეც ძალიან ნორმალურია.

აქ ყველაფერი ნორმალური იყო, რომ არა გუშინდელი დღე. ეს იყო ძალიან უხერხული ტონალობა. არ შეიძლება, ასეთი იმპერატიული ტონალობით ვისაუბროთ. …ჯერ ეს ერთი, მე ვერ წარმომიდგენია პარტია, რომელიც ამას დაბლოკავს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ყველა ვებრძვით ამ იმპერატიულ ტონს”, – აღნიშნავს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად სწორედ „ახალი საქართველოს“ ლიდერს,  გიორგი ვაშაძეს ხედავდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “ახალი საქართველოს” ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით გუშინ, პირველ ივნისს, “ძალა ერთობაშას” სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. უდუმაშვილის თანახმად, მისი პარტია ვაშაძის კანდიდატურას არც ახლა და არც მომავალში განიხილავს.

დღეს, 2 ივნისს, განცხადებას თავად ვაშაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ოპოზიციის ერთობას აზიანებს”.

“ნაციონალური მოძრაობა”, ისევე როგორც ვაშაძის “ახალი საქართველო” და ჩარკვიანის “კანონი და სამართალი”, ერთიანდებიან კოალიციაში “ძალა ერთობაშია”, რომელიც 2018 წელს 10-მა პარტიამ ჩამოაყალიბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი